საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, "შეიძლება გარანტირებულად" ითქვას, რომ თებერვლის ბოლოს საქართველოში ვაქცინა იქნება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.

"დღეს მივიღეთ წერილი, რომ გააქტიურდა Covax პლატფორმა, სადაც ჩვენ ვართ გაწევრიანებულები და ასევე, გვაქვს თანხა გადახდილი იმ ვაქცინებისთვის, რომელიც შემოვა საქართველოში. ვთვლით, რომ თებერვლის ბოლო ეს იქნება ის პერიოდი, როდესაც, შეიძლება უკვე გარანტირებულად ვთქვათ, რომ საქართველოში ვაქცინა ადგილზე იქნება და ჩვენ დავიწყებთ მოსახლეობის ვაქცინაციას", — განაცხადა მან.

ტიკარაძის თქმითვე, ამ ეტაპისთვის საუბარი Pfizer-ის ვაქცინაზეა. მისი განცხადებით, საქართველოსგან უკვე მოითხოვეს დამატებითი ინფორმაცია იმის შესამოწმებლად, რამდენად შეძლებს ქვეყანა ვაქცინის მიღებას. მინისტრის განმარტებით, ეს ინფორმაცია უკვე გაუგზავნეს, რადგან საჭიროა ორმხრივი გარანტიების არსებობა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: