რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი 30 დღით დააპატიმრეს. სასამართლო პროცესი ხიმკის პოლიციის განყოფილებაში ჩატარდა. პროცესზე ოპოზიციურად განწყობილ მედიას დასწრების საშუალება არ მისცეს.

ნავალნის დაპატიმრების გახანგრძლივების შესახებ ინფორმაცია მისმა პრესსპიკერმა, კირა იარმიშმა გაავრცელა. 29 იანვარს გაიმართება კიდევ ერთი სასამართლო პროცესი, სადაც ივ როშეს საქმეზე მისი პირობითი მსჯავრის შეცვლაზე იმსჯელებენ.

17 იანვარს გერმანიიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი აეროპორტში დააკავეს. სასჯელის აღსრულების ფედერალურ ბიუროს განცხადებით, ნავალნი 2020 წლის 29 დეკემბრიდან გამოსაცდელი ვადის მრავალჯერ დარღვევის გამო ძებნაშია.

მას დილამდე ადვოკატთან შეხვედრის საშუალება არ ჰქონია და არც დარეკვის უფლება მისცეს. ხიმკის პოლიციის განყოფილებაში სასამართლო პროცესის ჩატარება მოულოდნელი იყო თვითონ ნავალნისთვისაც.

სასამართლოს პარალელურად ნავალნის მხარდამჭერები პოლიციის შენობის გარშემო შეიკრიბნენ და მის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

პოლიტიკოსი აგვისტოში მოწამლეს. თავდაპირველად ის ომსკის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა ორი დღის შემდეგ, ოჯახის მოთხოვნით გერმანიაში, შარიტეს კლინიკაში გადაიყვანეს. რამდენიმე ქვეყნის ლაბორატორიამ დაადასტურა, რომ ოპოზიციონერი ნოვიჩოკის ჯგუფის საწამლავით მოწამლეს.

11 იანვარს რუსეთში სასჯელის აღსრულების ფედერალურმა ბიურომ სასამართლოს მიმართა, რათა ნავალნის პირობითი მსჯავრი, რომელიც მან ივ როშეს საქმეზე მიიღო, რეალურით ჩანაცვლდეს. ამასთან, რუსეთში ოპოზიციონერის წინააღმდეგ თაღლითობის მუხლით საქმე აღძრეს. საგამოძიებო უწყებები მას საკუთარი ფონდებიდან ფულის გაფლანგავს ედავებიან.