გირჩის ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მისთვის მოულოდნელი იყო სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის საჯარო უარი ინდივიდუალურ მოლაპარაკებებზე, რადგან მასთან მოლაპარაკებები ჰქონდათ.

"ჩემთვის ძაან მოულოდნელი იყო ეს განცხადება, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ, სანამ ბატონი გიორგი წავიდოდა ამერიკაში, მასთან გვქონდა კომუნიკაცია, ისევე როგორც სხვა პოლიტიკურ პარტიებთან. გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ ვიყავით შეთანხმებული", — განაცხადა იაგო ხვიჩიამ TV პირველთან საუბარში.

ხვიჩია ამბობს, რომ სტრატეგია აღმაშენებლის წევრებისთვის მისაღები იყო იდეა, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პლებისციტად განხილვის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ ამაზე ხელისუფლებასაც დაითანხმებდნენ.

"ჩვენი წინადადება გიორგი ვაშაძისთვის გვქონდა გადაგზავნილი. ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით გვქონდა შეხვედრა და არა მხოლოდ გიორგი ვაშაძე, სხვა პარლამენტის წევრებიც და სხვა პირებიც ამ პარტიიდან ამ შეხვედრას ესწრებოდნენ. შესაბამისად, ჩვენ იქ გვქონდა პირობა, რომ ეს იყო მათთვისაც მისაღები პირობა, თუ ხელისუფლება დათანხმდებოდა", — განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ხვიაჩიას თქმით, გირჩისა და მოქალაქეების ინდივიდუალური მოლაპარაკებების შემდეგ, მათ სტრატეგია აღმაშენებლის მსგავსად, შეხვედრები ჰქონდათ ლელოსთან და ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან. იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ეს იდეა მათთან პირადი კომუნიკაციისას არც ამ პარტიებს უარუყვიათ.

დღეს, 18 იანვარს, გიორგი ვაშაძემ განაცხად, რომ გირჩთან და მოქალაქეებთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს არ აპირებს რადგან თვლის, რომ გადაწყვეტილებები საერთო ოპოზიციურ ფორმატში უნდა მიიღონ.

გაიგეთ მეტი: