კორონავირუსის რისკების გამო, კანის კინოფესტივალი კიდევ ერთხელ გადავადდა, დაჯილდოება, როგორც წესი მაისში იმართება, თუმცა ორგანიზატორების თქმით, ივნისი-ივლისის პერიოდამდე გადაიწევს.

"2021 წლის ფესტივალის თარიღად ისევ მაისი რჩება, თუმცა პანდემიის გლობალურ მდგომარეობას დავაკვირდებით და თუ უკეთესობა არ იქნება ივნისი-ივლისის პერიოდში ჩავატარებთ. წელს ფესტივალი აუცილებლად ჩატარდება, თარიღთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მივიღებთ", — განაცხადა ფესტივალის წარმომადგენელმა.

გასულ შემოდგომაზე, კანის კინოფესტივალის ორგანიზატორებმა სამი სავარაუდო თარიღი, ივლისის პირველი, მეორე ნახევარი და აგვისტოს დასაწყისი დაასახელეს დაჯილდოების ჩატარების თარიღად, თუმცა არც ფესტივალის ჩაშლა გამორიცხეს.

საფრანგეთში ვირუსით გამოწვეული გართულებებისგან 70 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. მსოფლიოს მასშტაბით ვირუსის შემცირების აშკარა მაჩვენებელი არ ფიქსირდება, რაც ფესტივალის ბედს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

მაისში ფესტივალის ჩატარება ნაკლებ სავარაუდოა, მაგრამ პროფესიონალთა შეფასებით მიმდინარე წელს მსგავსი ღონისძიების უსაფრთხოების წესების დაცვით ჩატარება შესაძლებელი იქნება.

2020 წელს, კანის კინოფესტივალი ბოლო 73 წლის განმავლობაში პირველად არ ჩატარდა. საფესტივალო ფილმების ნაწილის ჩვენება ოქტომბერში გამართულ ღონისძიებაზე მოხდა.