პარტია მოქალაქეების, ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მისმა პარტიამ დაასრულა ოპოზიციასთან "მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც". Facebook-ზე გამოქვეყვებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ის და ლევან იოსელიანი მზად არიან ქართულ ოცნებასთან დასალაპარაკებლად.

"ოფიციალურად და საჯაროდ მინდა ჩემი და ჩვენი პარტიის მოქალაქეების სახელით განვაცხადო: ჩვენ, დავასრულეთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც. ის საკითხი, რომ თითქოს ვინმემ საიდანღაც გაგვრიცხა არის უბრალოდ ღიმილისმომგვრელი. ჩვენ ვინმეს საბავშვო ბაღში არ მივსულვართ რომ გაგვრიცხონ. ჩვენ ვართ ხალხის და ჩვენი მხარდამჭერების წინაშე ანგარიშვალდებული და მხოლოდ მათზე დამოკიდებუილი სად ვიქნებით ჩვენ პოლიტიკურ სივრცეში.

ასევე მინდა ოფიციალურად, პარტიის სახელით მივმართო ქართულ ოცნებას — ჩვენ: მე და ლევან იოსელიანი მზად ვართ საჯაროდ შეგხვდეთ და დავილაპარაკოთ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე. ჩვენ გვაინტერესებს ხართ თუ არა მზად შეასრულოთ შუამავალი ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკების რაუნდებისას შეთანხმებული პუნქტები? თქვენგან ველით პასუხს ასევე საჯაროდ და ოფიციალურად", — წერს ელისაშვილი.

19 იანვარს, ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძე განცხადებით, პარტია საერთო ოპოზიციური ფორმატის მიღმა, ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს არ გეგმავს.

გირჩსა და მოქალაქეებთან ინდივიდუალურ კონსულტაციებზე 18 იანვარს, საჯაროდ თქვა უარი სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემაც. მისი ერთ-ერთი არგუმენტიც, ბუაძის მსგავსად, იყო ის, რომ ოპოზიციამ შეთანხმებას საერთო ფორმატში უნდა მიაღწიოს და არა ინდივიდუალურ მოლაპარაკებებზე.

მოქალაქეებისა და გირჩის ეს იდეა შეაფასა გირჩის ყოფილმა და ახლა უკვე პარტია გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემაც. მისი თქმით, ოპოზიციურ სპექტრში ამ იდეაზე შეთანხმების და შემდეგ, ქართული ოცნების თანხმობის შანსი ნულის ტოლია.

იდეა, რომელსაც ბოლო პერიოდში აქტიურად ლობირებენ გირჩისა და მოქალაქეების ლიდერები, გულისხმობს, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია — ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას აზრიც ეკარგება.

გაიგეთ მეტი: