დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 29 იანვარს გადაწყდება ქვეყანა Pfizer-ის ვაქცინის ლიმიტირებულ რაოდენობას მიიღებს თუ არა. ამის შესახებ მან პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

"Pfizer-მა მისცა სამედიცინო პერსონალის ასაცრელად დაახლოებით 40 მილიონი [ვაქცინა] მისცა ევროპის ქვეყნებს და განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებს. სახელმწიფოს მომართა COVAX პლატფორმამ. რამდენიმე პირობა იყო იქ დასაკმაყოფილებელი. ამ პირობებს ჩვენ ვაკმაყოფილებთ. 29-ში მიიღებენ გადაწყვეტილებას. ევროპის ყველა ქვეყანას ვერ აძლევენ და აქედან შეარჩევენ იმის მიხედვით, თუ ვინ აკმაყოფილებს", — განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძე ამბობს, ქვეყანა 300 ათასი Pfizer-ის ვაქცინას, რომელიც -70°C-ზე ინახება, თავისუფლად დაასაწყობებს და ამისთვის რამდენიმე მაცივარი უკვე გამოათავისუფლეს. რაც შეეხება Moderna-ს ვაქცინას, რომლისთვისაც -20°C-ია საჭირო, გამყრელიძე აღნიშნავს, რომ მათთვის მაცივრები ყველა მუნიციპალიტეტშია.

გარდა ამისა, NCDC-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პირველ კვარტალში AstraZeneca-ს ვაქცინის 450-490 ათას დოზას მივიღებთ. მთელი წლის განმავლობაში კი ამ ვაქცინის 1,4 მილიონი დოზა უნდა მივიღოთ.

ამავე თემაზე: