რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვში აშშ-ს საელჩოს საპროტესტო აქციების წახალისებაში ადანაშაულებს. როგორც უწყებაში ამტკიცებენ, საელჩომ დიპლომატიური ნორმები და წესები უგულებელყო.

გარდა ამისა, რუსულ უწყებაში აშშ-ს ურჩევენ საკუთარ საქმეებს მიხედონ, მათ შორის, მოაგვარონ ამერიკელ ხალხს შორის განხეთქილება. სამინისტროში აშშ-ს საელჩოს ხელმძღვანელობას დაჰპირდნენ, რომ სერიოზული საუბარი ელით.

"ამერიკული დიპლომატიის მცდელობები, რომელიც იგნორირებას უკეთებს ყველა წესს და ფაქტობრივად ახალისებს რადიკალურ ელემენტებს, განწირულია მარცხისთვის და ორმხრივ ურთიერთობებზე უარყოფით გავლენას იქონიებს", — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერი აქციების მიმდინარეობის დროს, აშშ-ს საელჩომ ტვიტერზე დაწერა, რომ მხარს უჭერს მშვიდობიან პროტესტსა და გამოხატვის თავისუფლებას, ხოლო რუსეთის ხელისუფლების ძალები ამის ჩახშობისკენაა მიმართული.

"რუსეთის ხელისუფლება აკავებს მშვიდობიან მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს. როგორც ჩანს, სიტყვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების ჩახშობისკენ მიმართული კამპანიაა", — ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო მონაცემებით, რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ნავალნის მხარდასაჭერ აქციებზე 3 000-მდე მეტი მოქალაქე დააკავეს. აქცია არასანქცირებული იყო, რის გამოც პოლიცია მომიტინგეებს ძალის გამოყენებით შლიდა და აკავებდა. დაკავებულებს შორის იყო ნავალნის ცოლი, იულია ნავალნი, რომელიც ახლა თავისუფალია.