მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმადინარე აქციაზე, სადაც შეზღუდვებს აპროტესტებენ, გაჟღერდა, რომ სახელმწიფოს ამ შეზღუდვების მოხსნისთვის 48-საათიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენობების პიკეტირება დაიწყება.

On.ge-ს ადგილზე მყოფი კორესპონდენტი ესაუბრა ალექსანდრე პაიკიძეს, რომელმაც ეს მოთხოვნა გააჟღერა. მისი თქმით, სამშაბათს აქცია აუცილებლად გაიმართება და სავარაუდოდ, მოხდება მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტის შენობების პიკეტირება.

"ველოდებით ხელისუფლების რეაქციას, რა რეაქციაც იქნება, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. ხალხს დასაკარგი არაფერი აქვს. ბატონები რომ აცხადებენ აქ, გვაჩვენეთ ვინ შიმშილობსო, გამოგვყნენ ერთი დღე და ვაჩვენებთ. ამ ფონზე მიდის ამათი რეგულაციები, რომელიც არანაირ ლოგიკას აღარ ექვედებარება, ეს არის შანტაჟი ქვეყნის მოსახლეობის და დიქტატურა. სამშაბათს იქნება აქცია და სამთავრობო შენობების პიკეტირება, სავარაუდოდ, ეს იქნება კანცელარია, პარლამენტი და ა.შ., თუმცა საბოლოოდ საორგანიზაციო ჯგუფი იტყვის, მარტო მე არ ვწყვეტ ამას", — ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ალექსანდრე პაიკიძე.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სამშაბათს, 26 იანვარს, აქცია 15:00 საათზე გაიმართება.

მთავრობის ადმინსტრაციასთან მოქალაქეები კორონავირუსის გამო მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ეს აკრძალვები განსაკუთრებით ამძიმებს სოციალურ მდგომარეობას და ლახავს ადამინთა უფლებებს.

შეკრებილები ითხოვენ პირველი თებერვლიდან მოიხსნას შეზღუდვები ზამთრის კურორტებზე, სასწავლო პროცესი გაგრძელდეს საკლასო ოთახებში, აღდგეს საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, შემსუბუქდეს კომენდანტის საათი და ასევე, ყველა შშმ პირს მიეცეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება, მოიხსნას, საჭიროების მიხედვით, ყველა შეზღუდვა.

22 იანვარს ცნობილი გახდა, რომ შეზღუდვების მცირე ნაწილი იხსნება, თუმცა დიდი ნაწილი კვლავ ძალაში რჩება. შეზღუდვების ნაწილი სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა დროსა და განსხვავებული პირობებით უქმდება. კერძოდ.