ნიდერლანდებში მოქალაქეებმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები, კერძოდ კომენდანტის საათი გააპროტესტეს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნიდერლანდებში პირველად აამოქმედეს კომენდანტის საათი: 21:00 საათიდან 04:30 საათამდე. შეზღუდვის დამრღვევს 95-ევროიანი ჯარიმა ელის.

როგორც BBC წერს, ზოგიერთი დემონსტრანტი პიროტექნიკას ისვროდა და მაღაზიებს ვიტრინებს ამტვრევდა. ამსტერდამში აქცია შედარებით მცირერიცხოვანი იყო. ჯამში კი პოლიციამ 100-ზე მეტი პირი დააკავა.

ადგილობრივი ხელისუფლების განაცხადებით, სოფელ ურკში კორონავირუსზე ტესტირების ცენტრში ხანძარი გააჩინეს. ჯანდაცვის მინისტრის, უგო დე იონგეს თქმით, მომხდარი ყველა ზღვარს სცდება.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ, ჰუბერტ ბრიულსმა განაცხადა, რომ ესმის მოსახლეობის, თუმცა დაამატა, რომ თუ ახლა შეუპოვრობას გამოიჩენენ, "თავისუფლებას უფრო მალე დაიბრუნებენ".

ნიდერლანდებში ბარ-რესტორნები ოქტომბერში დაკეტეს, ხოლო სკოლები და მაღაზიები — დეკემბერში. კორონავირუსის ახალი შტამის საშიშროების გამო შეზღუდულია ფრენები დიდი ბრიტანეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან და სამხრეთ ამერიკიდან.

პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში კორონავირუსის 944 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო თითქმის 14 ათასი გარდაიცვალა.