საქართველოს პარლამენტთან აქტივისტებმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს. ერთად დგომის დროა; მუშაობ? მე ვერა; როდის უნდა გამოვფხიზლდეთ? — აქციის მონაწილეებმა ამ და სხვა მსგავსი შინაარსის ბანერები გამოფინეს.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პარლამენტთან კასრი მიიტანა, რომელსაც აწერია — დაკონსერვებული საქართველო. იგი კასრში ზის და ისე აპროტესტებს დაწესებულ შეზღუდვებს.

"ასე ექცევიან ხალხს ასე ჰყავთ დაკონსერვებული მთელი საქართველო. არ ვიმსახურებთ ამას. ჩვენი პროტესტი, პლუს ამას, არის ტრანსპორტთან დაკავშირებით და იმედია მივაწვდენთ ჩვენს ხმას, თუ არა და ვიჯდები აქ 24 საათი", — განაცხადა აქციის მონაწილემ TV პირველთან საუბარში.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა და ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმებაა.

"დროა გამოვფხიზლდეთ, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ საცივში და გოზინაყში ვართ. ერთად უნდა დავდგეთ, რომ მოვახსნევინოთ ეს შეზღუდვები მთავრობას. პირველ რიგში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა აღდგეს 1-ელ თებერვალს და ასევე, უნდა მოიხსნას კომენდანტის საათი", — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ TV პირველის ეთერში.

22 იანვარს, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვების ნაწილი რამდენიმე კვირით გახანგრძლივდება. კერძოდ, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა 1-ელ მარტამდე არ აღდგება. 1-ელ მარტამდე რჩება ძალაში ე.წ. კომენდანტის საათიც.

გაიგეთ მეტი: