რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას შესთავაზა მოამზადოს კანონპროექტი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში სსრკ-სა და ჰიტლერის გერმანიის როლების შედარებას აკრძალავს. როგორც კრემლის ვებგვერდზეა აღნიშნული, პუტინმა კულტურისა და ხელოვნების საბჭოს სხდომისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა.

"რუსული საორგანიზაციო კომიტეტი პობედას თანამონაწილეობით 2021 საგაზაფხულო სესიისთვის მომზადდეს პროექტი ფედერალურ კანონში "1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში საბჭოთა ხალხის გამარჯვების უკვდავყოფის შესახებ" ცვლილებების თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს აიკრძალოს მეორე მსოფლიო ომში სსრკ-სა და ფაშისტური გერმანიის როლების საჯაროდ გაიგივება", — ნათქვამია განცხადებაში.

კულტურის საბჭოს სხდომა 2020 წლის ოქტომბერში ჩატარდა. დუმის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელენა იამპოლსკაიამ განაცხადა, რომ რუსეთში ახალგაზრდებს შორის პოპულარულია ის წიგნები, სადაც წითელი არმიისა და ნაცისტური გერმანიის ჯარისკაცების ქმედებები შედარებულია. კომიტეტის თავმჯდომარემ მათი აკრძალვა მოითხოვა.

"მიმაჩნია, რომ თუ რედაქტორებს არ ჰყოფნით გონება, სინდისი და ზიზღი, რომ მსგავსი პასაჟები ამოიღონ, მათ კანონმდებლობით უნდა დავეხმაროთ. მგონია, რომ გვაქვს მორალური უფლება კანონის გამკაცრების, როცა ჩვენი ისტორიული მეხსიერების შეურაცხყოფაზეა საუბარი", — განაცხადა იამპოლსკაიამ.

როგორც BBC-ის რუსული გამოცემა წერს, სხდომაზე აღნიშნულ ინიციატივას პუტინი დაეთანხმა.