კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას — პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდებას გულისხმობდა. სასამართლომ თითოეულ ბრალდებულს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ივერი მელაშვილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, რადგან მიიჩნია, რომ ეს თანამდებობა პირდაპირ არის კავშირში საქმეში არსებულ ინფორმაციებთან.

პროკურატურა თითოეულისთვის 30 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმებოდა. ამასთან, ადვოკატები სასამართლოს ალტერნატივის სახით თავდებობას სთავაზობდნენ, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

ვრცელდება კადრები სასამართლოს სხდომიდან, სადაც კითხვაზე, წარდგენილ ბრალდებაში ცნობენ თუ არა თავს დამნაშავედ, ორივე ბრალდებული უარყოფითად პასუხობს.

"კატეგორიულად არა", — განაცხადა ივერი მელაშვილმა.

"არა, აბსოლუტურად არა", — ამბობს ნატალია ილიჩოვა.

სასამართლო სხდომა ამ წუთებში გრძელდება. პარალელურად კი, მელაშვილისა და ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულები პოლიტპატიმრები არიან.

პროკურატურის გადაწყვეტილების შესახებ სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გახდა ცნობილი.

მელაშვილი/ილიჩოვას გათავისუფალებას მოითხოვდნენ მათი ადვოკატებიც, რომელთა თქმით, პატიმრობაში ყოფნის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

კარტოგრაფების საქმე

29 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 17 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საქმიანობას. მათივე განცხადებით, დაიწყო გამოძიება, რომელიც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გაცემისკენ მიმართული მოქმედებას ეხებოდა. როგორც უწყებაში ამბობენ, საქართველოს საზიანოდ მეზობელი ქვეყნისთვის 3 500-მდე ჰა ფართობი მიწის გადაცემის საფრთხე შეიქმნა.

2 ოქტომბერს, პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორიგინალი რუკებისა, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საქმეზე გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა გადასცა. ვრცელდება ინფორმაცია იმაზეც, რომ რუკების დედნები მან რუსეთში საგარეო დაზვერვის დახმარებით მოიპოვა.

გაიგეთ მეტი რუკებზე:

საგამოძიებო ორგანოებმა ამ საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სახლები და სამუშაო ოფისები გაჩხრიკეს. ორივე მათგანი გამოძიების დაწყებას პოლიტიკას და არჩევნებს უკავშირდება.

7 ოქტომბერს კომისიის წევრები დააკავეს. 9 ოქტომბერს კი ილიჩოვასა და მელაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

21 იანვარს პროკურატურამ ივერი მელაშვილის კაბინეტში ფარულად გადაღებული ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც ბრალდებულისა და კიდევ ერთი პირის საუბარია აღბეჭდილი. პროკურორ ამირან გულუაშვილის მტკიცებით, ფარულ ჩანაწერებში ბრალდებული ივერი მელაშვილი ადასტურებს, რომ 2006 წლის აგვისტოს შეთანხმებისას დავით გარეჯის მიმდებარედ ქართულმა მხარემ საქართველოს თავდაპირველი პოზიცია უარყო.

გაიგეთ მეტი: