მოსკოვის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი და ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პატიმრობაში დატოვა.

დაცვის მხარის საჩივარში აღნიშნული იყო, რომ ნავალნისთვის 30-დღიანი პატიმრობა არავის მოუთხოვია და სასამართლოს პირველ სხდომაზე მან წარადგინა დოკუმენტები, რომლის თანახმად, შესაბამის უწყებებს მკურნალობის შესახებ შეატყობინა. გარდა ამისა, ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ არსებობს ნავალნის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის საშიშროება.

სასამართლო პროცესზე ნალავლნი ვიდეოზარით ჩაერთო. მისი თქმით, დაკავების დღიდან ადვოკატთან გასაუბრების საშუალება არც ერთხელ არ ჰქონია. გარდა ამისა, მან თავის მხარდამჭერებს მიმართა და აქციებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

ალექსეი ნავალნი მოსკოვის აეროპორტში დააკავეს, როცა ის გერმანიიდან ბრუნდებოდა, სადაც ნოვიჩოკით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა. დაკავებიდან მეორე დღეს პოლიციის განყოფილებაში გამართულ სასამართლო პროცესზე მას 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

ოპოზიციონერი სასჯელების აღსრულების ფედერალური სამსახურის განკარგულებით დააკავეს. უწყების მოთხოვნაა, რომ ნავალნის ივ როშეს საქმეზე გამოტანილი პირობითი მსჯავრი რეალურით ჩანაცვლდეს.

ამის შემდეგ რუსეთის 50-მდე ქალაქში ნავალნის მხარდასაჭერი აქციები გაიმართა. პოლიცია ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს ძალის გამოყენებით შლიდა და მათ ფიზიკურად უსწორდებოდა. დააკავეს 3 000-მდე ადამიანი. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.