საგანგებოდ ბაიდენის ინაუგურაციისთის შერჩეულმა ბერნი სანდერსის ქურთუკმა და ხელთათმანებმა ამერიკელი სენატორი ღონისძიების ვარსკვლავად აქცია. ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელებულმა მიმებმა სანდერსს ისეთი პოპულარობა მოუტანა, რომ გადაწყვიტა, იგი კეთილშობილური საქმისათვის გამოეყენებინა.

79 წლის ვერმონტელმა სენატორმა და მისმა ცოლმა, ჯეინმა, ინაუგურაციის მომდევნო დღესვე განაცხადეს, რომ თბილ სამოსში გამოწყობილი ბერნის გამოსახულებით მაისურები, სტიკერები, სვიტრები და სხვა აქსესუარები სპეციალურად კამპანიისთვის შექმნილ ვებგვერდზე გაიყიდებოდა.

ინაუგურაციიდან ერთი კვირის თავზე, 27 იანვარს სენატორის აპარატმა განაცხადა, რომ გაყიდული პროდუქციიდან შემოსავალმა თითქმის $2 მილიონს მიაღწია, რომლის გამოყენებასაც სანდერსების ოჯახი ადგილობრივი საქველმოქმედო დაწესებულებების დასახმარებლად აპირებს.

"მე და ჯეინი ბოლო ერთი კვირაა, აღფრთოვანებულები ვართ უამრავი ადამიანის შემოქმედებითობით და გვიხარია, რომ ჩემი ინტერნეტპოპულარობის გამოყენება ვერმონტელების დასახმარებლად შეგვიძლია", — განაცხადა სანდერსმა, — "თუმცა, ამ რაოდენობის ფულიც ვერ შეცვლის კონგრესის დახმარების საჭიროებას, ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებ ვაშინგტონში, რათა ვერმონტსა და მთელ ქვეყანაში მომუშავე ადამიანებმა ის დახმარება მიიღონ, რაც დიდი დეპრესიის შემდგომ არსებულ ყველაზე მძიმე კრიზისის პერიოდში სჭირდებათ".

ფოტო: Olivier Douliery / Getty / AFP

როგორც ცნობილი გახდა, სანდერსს შალის ნაქსოვი ხელთათმანები ვერმონტში მცხოვრებმა დაწყებითი სკოლის მასწავლებელმა, ჯენ ელისმა, აჩუქა. ელისის თქმით, კანონმდებელს თბილი თათმანები ერთ წელზე მეტი ხნის წინ მისცა, თუმცა, "წარმოდგენა არ ჰქონდა", რამდენად ხშირად ეცმეოდა სანდერსს ისინი.

სენატორი ხელთათმანებს 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდშიც ატარებდა.

"ამგვარად ხალხი იგებს, რომ ვერმონტში კარგ თათმანებს ვკერავთ", — აღნიშნავს სანდერსი, — "და კარგი ქურთუკებიც გვაქვს".