ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, დღეს პარტიის პოლიტსაბჭომ ოპოზიციის მანდატებთან დაკავშირებით გარკვეული პოზიცია "მყარად და მკაფიოდ" ჩამოაყალიბა. მისი თქმით, ეს მას შემდეგ გახმაურდება, რაც საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს ან უარყოფს მას. ქართული ოცნების პოლტსაბჭოს სხდომა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, პოლიტსაბჭოს მოსაზრება წარვუდგინოთ საპარლამენტო უმრავლესობას, ფრაქცია ქართულ ოცნებას. მას შემდეგ გახმოვანდება გადაწყვეტილება, რაც საპარლამენტო უმრავლესობა ან დაუჭერს მხარს ამ პროექტს ან საპირისპირო გადაწყვეტილებას მიიღებს. ყოველ შემთხვევაში, პოლიტსაბჭოში არის უკვე მისი უმრავლესობით ჩამოყალიბებული მყარად აზრი, თუმცა მის გახმოვანებას ერთადერთი მიზეზით არ ვაპირებთ, ამას სჭირდება თანხმობა საპარლამენტო უმრავლესობისთვის. ხვალამდე ვიდრე, საპარლამენტო უმრავლესობა არ დაადასტურებს, ამას გადაწყვეტილებას ვერ დავარქმევთ, უბრალოდ გადაწყვეტილების პროექტია. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ დღეს პოლიტსაბჭომ გარკვეული პოზიცია მყარად და მკაფიოდ ჩამოაყალიბა", — განაცხადა მან.

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ 30 იანვარს განაცხადა, რომ ოპოზიციისთვის მანდატების შეწყვეტაზე კენჭისყრა ვერ და არ გადაიდება. მისი თქმით, სურვილი აქვთ, პარლამენტი ისე იყოს წარმოდგენილი, როგორც საზოგადოებამ აირჩია, მაგრამ უკვე 3 თვე გავიდა, იყო არაერთი მოლაპარაკება და ოპოზიციას შესვლის სურვილი არ აქვს. ხვალ 2 თებერვლას კი, პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. პლენარული სხდომის ერთადერთი საკითხი ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტა იქნება.