ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობამ პოლიტსაბჭოს მოსაზრება გაიზიარა და გადაწყდა, რომ ოპოზიციის მანდატებზე კენჭისყრა გადაიდება.

"პარტიის პოლიტიკური საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე, ოპოზიციის წარდგენით არჩეული 51 დეპუტატისთვის, საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან თავის შეკავების თაობაზე", — განაცხადა კობახიძემ უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ.

კობახიძის განმარტებით, ოპოზიციას საბოტაჟის მცდელობა აქვს და ამის წინააღმდეგ კონსტიტუციით გარანტირებულ ინსტრუმენტს აამოქმედებენ და სწორედ მის საფუძველზე არ შეუწყვეტენ მანდატებს.

"ქართული ოცნების ეს პრაგმატული გადაწყვეტილება დაეფუძნა რამდენიმე ძირითად მოსაზრებას. რადიკალური ოპოზიცია პროცედურული ინსტრუმენტების გამოყენებით ცდილობს, განახორციელოს ის, რასაც ჩვენ ვუწოდებდით პარლამენტის საბოტაჟს და რაც გასულ ორშაბათს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კიდევ უფრო მწვავედ შეაფასა, როგორც დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა. თუმცა, საქართველოს აქვს გამართული კონსტიტუცია, რომელიც დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ პროცედურულ ინსტრუმენტებს კიდევ უფრო ქმედით პროცედურულ ინსტრუმენტებს უპირისპირებს. სწორედ ამგვარი კონსტიტუციური ინსტრუმენტია პარლამენტის შესაძლებლობა, დაუპირისპირდეს პარლამენტის საბოტაჟს და საბოტაჟის განმახორციელებელ დეპუტატებს არ შეუწყვიტოს საპარლამენტო მანდატები. დღეს საქართველოს პარლამენტი, სწორედ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ამ ინსტრუმენტს აამოქმედებს", — განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ოპოზიციონერ დეპუტატებს მისცეს "კიდევ ერთი შესაძლებლობა", რომ პატივი სცენ ამომრჩევლის ნებას.

აღსანიშნია, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ 30 იანვარს განაცხადა, რომ ოპოზიციისთვის მანდატების შეწყვეტაზე კენჭისყრა ვერ და არ გადაიდება. მისი თქმით, სურვილი აქვთ, პარლამენტი ისე იყოს წარმოდგენილი, როგორც საზოგადოებამ აირჩია, მაგრამ უკვე 3 თვე გავიდა, იყო არაერთი მოლაპარაკება და ოპოზიციას შესვლის სურვილი არ აქვს.

დღეს, 2 თებერვალს, პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. პლენარული სხდომაზე განსახილველი ერთადერთი საკითხი ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტა იყო.

თუ გინდა გაიგო, როგორ მუშაობს ან ვერ მუშაობს მე-10 მოწვევის პარლამენტი, რა ინიციატივები აქვთ დეპუტატებს და ზოგადად, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს, შემოგვიერთდი ჯგუფში — რა ხდება პარლამენტში.