იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და მოქმედმა დეპუტატმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი უნებართვოდ გამოაცხადა. ასე გამოეხმაურა ის პარტია მოქალაქეების ლიდერს, ალეკო ელისაშვილს, რომელმაც პირველ სხდომაზე თავისი ტელეფონის ნომერი თქვა და განაცხადა, რომ ისევ ხალხთან კონტაქტზე იქნება.

წულუკიანმა თავდაპირველად თქვა, რომ ეს მისი ტელეფონის ნომერი იყო და ურჩია ელისაშვილს ჩაეწერა. შემდეგ კი დააყოლა, რომ სინამდვილეში ეს გვარამიას ნომერი იყო და ელისაშვილს მისთვის უნდა დაერეკა და შეეთანხმებინა, რაზე ილაპარაკებდა პარლამენტში.

"ბატონო ალეკო თქვენ აქ გვაჩვენეთ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან და ნომერიც ჩაგვაწერინეთ. მეც მინდა, თქვენ ჩემი ნომერი ჩაგაწერინოთ. ეს არის 577 ** ** ** და იქნებ მოინიშნოთ და ხალხმაც, რომ იცოდეს. ჩაინიშნეთ?

ოღონდ ეს ჩემი ნომერი არ არის, ეს ნიკა გვარამიას ნომერია დაურეკეთ ხოლმე და ის რასაც გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, ამაზე ისაუბრეთ პარლამენტში.

თუ არჩევნები გაყალბდა აქ რას აკეთებთ? კარგი, ეს რიტორიკული კითხვა იყო", — განაცხადა მან.

ელისაშვილმა პარლამენტში პირველ სამუშაო დღეს თავისი ტელეფონის ნომერი გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ის ისევ მოისმენს ხალხის პრობლემებს, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

თუ გინდა გაიგო, როგორ მუშაობს ან ვერ მუშაობს მე-10 მოწვევის პარლამენტი, რა ინიციატივები აქვთ დეპუტატებს და ზოგადად, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას განსაზღვრავს, შემოგვიერთდი ჯგუფში — რა ხდება პარლამენტში.