სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მათი პარტია არ განეკუთვნება იმ პოლიტიკურ ძალათა ჯგუფს, რომელიც ამბობს, რომ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც არ შევლენ პარლამენტში. ასე ეხმაურება იგი გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს, რომელმაც თქვა, რომ არიან პარტიები, რომლებიც პარლამენტში შეთანხმების შემთხვევაშიც არ შევიდოდნენ.

"ასეთი პარტიები, ასეთი ცალკეული დეპუტატები ნამდვილად შეიძლება არის და იყო. ამაზე საუბარს, ჩემი აზრით, ახლა აზრი არა აქვს. სტრატეგია აღმაშენებელი, ჩვენი გუნდი, ნამდვილად არ განეკუთვნება იმ პოლიტიკურ ძალთა დაჯგუფებას და იმ პოლიტიკურ ძალთა ნაწილს, რომელიც ამბობს, რომ შეთანხმებაც რომ შედგეს, მაინც არაფერს არ მოვაწერთ ხელს. ნამდვილად არ ვართ ამ პოზიციის მატარებლები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შედგეს ისეთი შეთანხმება, რომელიც მისაღები იქნება ხალხისთვის, ჩვენი მხარდამჭერებისთვის", — განაცხადა მან.

გუშინ ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ისხდნენ დეპუტატები, რომლებიც 4-პუნქტიანი შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც კი არ აპირებდნენ პარლამენტში შესვლას. მისი თქმით, საკითხის გადატანა იმაზე, რომ მოლაპარაკებები პარლამენტში შესვლა-არშესვლაზეა, არის "სისულელე და ტყუილი". ჯაფარიძემ თქვა, რომ პარლამენტში შესვლის საკითხი მთავარი თემა იყო ქართული ოცნებისთვის და არა ოპოზიციისთვის.