აკრძალვების მიუხედავად, 6 თებერვლიდან რესტორნები გახსნას გეგმავენ. ინფორმაცია გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლევან ქოქიაშვილმა ფეისბუქზე გაავრცელა და რესტორანთა ასოციაციის თავმჯდომარემ, შოთა ბურჯანაძემ On.ge-ს დაუდასტურდა. ბურჯანაძის თქმით, დამატებით დეტალებს ხვალ გაასაჯაროებენ.

როგორც ქოქიაშვილი ფეისუბქგვერდზე წერს, სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის მოლოდინი არ გამართლდა და გონივრული გამოსავლის პოვნის ნაცვლად, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაც გადაიდო. მისივე თქმით, სხვა გამოსავალს ვერ ხედავენ, ამიტომ 6 თებერვალს გახსნა გადაწყვიტეს.

"აქვე განვმარტავთ, სრულად ვიაზრებთ ჩვენი გადაწყვეტილების ყველა ასპექტს და არც ჩვენთვის გახლავთ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება იოლი", — წერს ის.

სწორედ დღეს, 2 თებერვალს ამოიწურა ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა. კანცელარიასთან აქციაზე შეკრებილმა სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თუ 2 თებერვლის დღის ბოლომდე ხელისუფლება გახსნის შესახებ არ განაცხადებდა, დაუმორჩილებლობას გამოაცხადებდნენ.