გერმანულენოვანი ქართველი მწერლისა და დრამატურგის, ნინო ხარატიშვილის, რომანი მერვე სიცოცხლე დუბლინის საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის ლონგლისტში, იგივე გრძელ სიაში მოხვდა.

პრესტიჟულ ლიტერატურულ ჯილდოზე წელს 49 რომანია წარდგენილი. ლიტერატურული ნაწარმოებების პრემიაზე ნომინირება, როგორც წესი, მსოფლიოს 177 ქვეყანაში მდებარე 400-მდე ბიბლიოთეკას შეუძლია. შესაბამისად, მერვე სიცოცხლეც მათი რჩეული აღმოჩნდა.

"სოლიდური მოცულობის მქონე წიგნი, მისი აგების, სტილისა და შინაარსის გამო, ბოლომდე ცოცხლად და ადვილად იკითხება. რომანში მოქმედება უჩვეულო ადგილას ვითარდება, ირონიით სავსე თხრობა კი შთამბეჭდავია და ბაროკოს სტილს მოგაგონებთ. მიუხედავად წიგნში აღწერილი საშინელებებისა, მასში მრუმე პერსონაჟს არ შეხვდებით. ეს არის კლასიკური ეპიკური ნაწარმოები, რომელიც მაგიური რეალიზმის ელემენტებითა და დიდებული რუსულენოვანი რომანების ალუზიებითაა გაჯერებული. მოკლედ რომ ვთქვათ, პასტერნაკის და მარკესის ნაზავია".

ქალაქ ბრიუგეს ბიბლიოთეკა

ნომინანტების მოკლე სია 25 მარტს გამოქვეყნდება, პრემიის ლაურეატის ვინაობას კი დუბლინის მერი, ჰეიზელ ჩუ, დაასახელებს 20 მაისს, დუბლინის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე. გამარჯვებულს წელს ექვსი წევრისგან შემდგარი ჟიური გამოავლენს.

დუბლინის ლიტერატურული პრემია ირლანდიის დედაქალაქის მერიის მიერაა დაფუძნებული და 1996 წლიდან გაიცემა ინგლისურენოვან ან ინგლისურ ენაზე თარგმნილ წიგნებზე. სოლიდური საპრიზო ფონდი 100 000 ევროს შეადგენს, რომელიც თარგმანის გამარჯვების შემთხვევაში იყოფა — 75 პროცენტი ავტორს, დანარჩენი კი მთარგმნელს. მერვე სიცოცხლის ინგლისურენოვანი თარგმანის ავტორები შარლოტ კოლინზი და რუთ მარტინი არიან.

ფოტო: Danny Merz / Sollsuchstelle Photographie

მერვე სიცოცხლე (ბრილკას) ნინო ხარატიშვილის მესამე რომანია, რომელიც გერმანულ ენაზე 2014 წელს გამოიცა. მიუხედავად იმისა, რომ შილერის მემორიალური პრიზის მფლობელი ქართველი მწერლის პიესებსა და ორ რომანს — ჟუჟა (2010) და ჩემი საყვარელი ორეული (2011) — მკითხველთა ფართო წრეები მანამდეც კარგად იცნობდნენ, ეპიკური საგა, მერვე სიცოცხლე, რომელიც მოცულობითაც სოლიდურია (1 200 გვერდი), რამდენიმე ქვეყანაში გახდა ბესტსელერი, მათ შორის, საქართველოშიც.

რომანი ქართულ ენაზე ნინო ბურდულმა თარგმნა და 2019 წელს გამოსცა გამომცემლობა ინტელექტმა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მერვე სიცოცხლე ბუკერის პრემიის ფინალისტიც გახდა.

დუბლინის ლიტერატურული პრემიის წლევანდელი ნომინანტების სიის ხილვა ღონისძიების ვებგვერდზე შეგიძლიათ.