მოძრაობა სირცხვილიას აქტივისტის, შოთა დიღმელაშვილის თქმით, პოლიციამ აქციიდან მათი გენერატორი და შეშა წაიღო. ამის შესახებ მან On.ge-ს ჟურნალისტს აქციაზე განუცხადა.

"გვქონდა მომზადებული გენერატორი, აგრეთვე, გასათბობი საშუალება შეშა. როგორც აღმოჩნდა პოლიცია იქცა შეშის მადევრად. გენერატორთან ერთად წაიღეს შეშა. გენერატორის მანქანაში იყო შეშა, გენერატორი მისაბმელი იყო და წაიღეს მთლიანად. მაგრამ ყველაფერი კარგად არის, მეორე გენერატორიც მოვიტანეთ", — აცხადებს იგი.

დღეს სამოქალაქო აქტივისტებმა და ბიზნესის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა შეზღუდვების გასაპროტესტებლად ე.წ. დაუმორჩილებლობის აქცია გამართეს. ისინი 20:00 საათზე პარლამენტთან შეიკრიბნენ და დედაენის ბაღის მიმართულებით თბილისის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს. მათი თქმით, მარში არის მხიარული და ფერადი. სწორედ ამიტომ, აქტივისტთა ნაწილი აქციაზე საკარნავალო ნიღბებით, ფერადი ტანსაცმლით, მუსიკალური ინსტრუმენტებით მივიდა.