დაუმორჩილებლობის აქცია, რომელიც გუშინ, 6 თებერვალს დაიწყო, ცოტა ხნის წინ დასრულდა.

"5 საათს გადაცდა, დაუმორჩილებლობის აქტი შედგა", — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზიატორმა, გიგა მაქარაშვილმა.

დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრება საღამოს 8 საათიდან დაიწყეს. ე.წ. კომენდანტის საათის დაწყების შემდეგ, ისინი მსვლელობით დაიძრნენ და ქალაქის ქუჩები შეძახილებითა და მოწოდებებით მოიარეს. მარში დედაენის ბაღში დასრულდა.

ფოტო: On.ge/ანა ვახტანგაძე

აქციის ორგანიზატორი მოძრაობა სირცხვილია იყო. მისი ერთ-ერთი აქტივისტის, შოთა დიღმელაშვილის ინფორმაციით, პოლიციამ, მსვლელობისას, მათი გენერატორი და შეშა წაიღო. თუმცა, ორგანიზატორებმა აქციაზე მეორე გენერატორი მიიტანეს.

მთელი ღამის განმავლობაში აქციის მონაწილეები დედაენის ბაღში უცხადებდნენ დაუმორჩილებლობას კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს. მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმებაა. გარდა ამისა, ისინი ითხოვენ გაიხსნას ქვეყანა და ბიზნესს მიეცეს მუშაობის აღდგენის უფლება.

გუშინ, 6 თებერვალს, დაუმორჩილებლობის აქციის დაწყებამდე, შეზღუდვები კიდევ ერთი აქციით გააპროტესტეს. დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეების მსგავსად, მათი ძირითადი მოთხოვნებიც ბიზნესისთვის მუშაობის უფლების აღდგენასა და ე.წ. კომენდანტი საათის გაუქმებას უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ ამ აქციების დაანონსების შემდეგ, 4 თებერვალს, მთავრობამ შეზღუდვების ნაწილის შემსუბუქების შესახებ გამოაცხადა. მაგალითად, 8 თებერვლიდან სრულად აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტისა და ბაზრობების ფუნქციონირება, 15 თებერვლიდან კი მუშაობას განაახლებენ თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლები და კვების ობიექტების ღია სივრცეები.

საკოორდინაციო საბჭოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ რესტორნების ბიზნესის ნაწილის მიერ დაგეგმილი საპროტესტო გახსნა გაუქმდა. მათი ნაწილი #სოცაფეთქების აქციას შეუერთდა და იმ სფეროს წარმომადგენლებს გამოუცხადა სოლიდარობას, რომლებსაც შეზღუდვების შემსუბუქება, ჯერჯერობით არ შეეხოთ.

მოძრაობა სირცხვილიამ დაგეგმილი დაუმორჩილებლობის აქცია შეზღუდვების ნაწილის შემსუბუქების მიუხედავად არ გააუქმა.

გაეცანით საკოორდინაციო საბჭოს ბოლო გადაწყვეტილებებს შეზღუდვებთან დაკავშირებით: