პარტია მოქალაქეებსა და ქართულ ოცნებას შორის გაფორმებულ მემორანდუმთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა იმართება. ოპოზიციონერი დეპუტატის, ლევან იოსელიანის განცხადებით, უკვე იწყებენ ამ საკითხებზე მუშაობასა და მის კანონმდებლობაში ასახვას.

"ყველა ვინც დაინტერესებულია ამ პროცესით, არასამთავრობო ორგანიზაციები, დიპლომატიური წარმომადგენლები, მოწვეულები არიან დღევანდელ სხდომაზე და ჩვენ გავუზიარებთ ჩვენს ხედვას მემორანდუმში ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით და შემდეგ დაველოდებით მათ საკითხებს", — განაცხადა მან.

მმართველი პარტიიდან შეხვედრას დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი ესწრება. მისი თქმით, სამუშაო ჯგუფის წევრებს დღეს პირად მოსაზრებებს გააცნობენ.

"იცით, რომ რეფორმა ძირითადად დაეფუძნება მემორანდუმს, რომელიც გაფორმდა ქართულ ოცნებასა და მოქალაქეებს შორის. გარდა ამისა, გვინდა ვთხოვოთ სამუშაო ჯგუფს, რომ წარმოადგინონ დამატებითი წინადადებები. იცით, რომ შემჭიდროებული ვადები გვაქვს. პირველ მარტისთვის გვინდა უკვე, რომ პროექტი წარვადგინოთ", — განაცხადა მან.

მოქალაქეებსა და ქართულ ოცნებას შორის მემორანდუმი 29 იანვარს გაფორმდა. ლევან იოსელიანი და ალეკო ელისაშვილი სწორედ ამის საფუძველზე შევიდნენ პარლამენტში. თუმცა მათ განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში თუ ხელმოწერილი საკითხები პირველ მარტამდე არ დაინიცირდება, პარლამენტს დატოვებენ.

გაიგეთ მეტი: