ფონიჭალაში 11 წლის გოგოსა და სავარაუდოდ, 15 წლის ბიჭის ე.წ. "ნიშნობა" გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად Facebook-ზე გავრცელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით დაიწყეს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულებას გულისხმობს.

"ვიდეომასალაში აღბეჭდილი გარემოებების დადგენის მიზნით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება ყველა რელევანტური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება", — აღნიშნავენ უწყებაში.

სოციალურ ქსელში ფოტო აზერბაიჯანელმა აქტივისტმა, გუნელ მოვლუდმა გაავრცელა. ის წერს, რომ ფოტოზე ასახულია საქართველოს მოქალაქეების, აზერბაიჯანული ეროვნების 11 წლის გოგოსა და 15 წლის ბიჭის "ნიშნობა". ამასთან, ფოტოზე ჩანს ტორტი, რომელსაც აწერია "ხელის თხოვნისთვის" დამახასიათებელი სტანდარტული სიტყვები.

"ეს არანაირი ტრადიცია არ არის. ადრეული ქორწინება აზერბაიჯანშიც დანაშაულია, ისევე, როგორც საქართველოში. იმედი მაქვს, საქართველოში შესაბამისი ინსტანციები გააკონტროლებენ ამ და სხვა მსგავს საქმეებს", — წერს აქტივისტი.