ბრიტნი სპირსის ფინანსების განკარგვისა და მეურვეობის საქმე ლოს-ანჯელესის სასამართლოს დაუბრუნდა განსახილველად. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც გასულ კვირას პოპვარსკვლავის ცხოვრებისა და სირთულეების შესახებ დოკუმენტური ფილმი, Framing Britney Spears, გამოვიდა, რომელსაც ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

საქმე ეხება მეურვეობის საკითხს, რომელიც მომღერლის მამას, ჯეიმი სპირსს, უკვე 13 წელია, საშუალებას აძლევს, მისი შვილის ფინანსები და კარიერა განკარგოს.

შარშან 39 წლის პოპვარსკვლავის ადვოკატებმა ლოს-ანჯელესის სასამართლოში სარჩელი შეიტანეს და ამტკიცებდნენ, რომ ბრიტნის "მამის ეშინოდა" და არ აპირებდა კარიერას დაბრუნებოდა, სანამ მეურვეობა მას ეკუთვნოდა.

2020 წლის ნოემბერში სასამართლომ მომღერალი მამის მეურვეობისგან არ გაათავისუფლა, თუმცა ბრიტნიმ მიიღო უფლება, მასთან ერთად სხვა ზედამხედველიც ჰყოლოდა. ახალ მოსმენაზე სწორედ ის საკითხი გადაწყდება, თუ როგორ გადაინაწილებენ სპირსის ქონების ზედამხედველობას თანამეურვეები.

ბრიტნი სპირსი მამასთან ერთად.

ფოტო: Getty Images

აშშ-ის კანონმდებლობით მეურვეობა ხანდაზმულებს და იმ პირებს ენიშნებათ, ვისაც გარკვეული ფაქტორების გამო გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლად არ შეუძლიათ. მეურვეობის მინიჭება, როგორც წესი, დროებითია, თუმცა ბრიტნი სპირსის საქმეებს მამამისი 2008 წლიდან განაგებს.

მომღერლის მხარდასაჭერი განცხადებები, მათ შორის, ცნობილი ადამიანების მხრიდან, წლების განმავლობაში ისმოდა, თუმცა ამ თემას განსაკუთრებული ყურადღება ფილმის გამოსვლის შემდეგ მიექცა. ფილმში, გარდა იმისა, რომ ნაჩვენებია, როგორ დამამცირებლად ექცეოდა მედია მენტალური პრობლემების მქონე პოპვარსკვლავს, ნაჩვენებია მამასთან ურთიერთობაც.

მასში ასახულია, რომ ჯეიმი შვილის ცხოვრებაში მეურვეობის მიღებამდე დიდად არ ჩანდა. ამასთან, ბრიტნის არ ჰქონია უფლება, მეურვე თავად აერჩია, ხოლო ერთ-ერთ ინტერვიუში ადვოკატი ამბობს, რომ ბრიტნი ზედამხედველობაზე თანახმა იყო, თუკი მამამისს მისი ქონების სრულად განკარგვის უფლება არ ექნებოდა. მიუხედავად ამისა, მომღერალს წლების განმავლობაში იმ პირობებში უწევდა მუშაობა და კონცერტების გამართვა, როცა საკუთარ ჯანმრთელობასთან, კარიერასა და ფინანსებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ვერ იღებდა.

დოკუმენტურ ნამუშევარში ასევე ჩანს მოძრაობა #თავისუფლებაბრიტნის, რომელიც ფანებმა შექმნეს მომღერლის ინტერესების მხარდასაჭერად. პოპვარსკვლავმა გასულ წელს მათ გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა.

მოძრაობა #თავისუფლებაბრიტნის მხარდამჭერების საპროტესტო აქცია ლოს-ანჯელესის სასამართლოსთან. 2020 წლის 16 სექტემბერი.

ფოტო: Frazer Harrison / Getty Images

ჯეიმი სპირსის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა საქმის სასამართლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს, თუმცა წინათ მათ აღნიშნეს, რომ მამის მეურვეობის შეწყვეტა მომღერალზე "დამღუპველად" იმოქმედებდა.

ბრიტნის ასევე არ გაუკეთებია კომენტარი განახლებულ სასამართლო პროცესზე, თუმცა ცოტა ხნის წინ მან ტვიტერსა და ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომლის აღწერაშიც აღნიშნავს:

"ყოველთვის მეყვარება სცენაზე დგომა... თუმცა, ახლა დრო მჭირდება, რათა ვისწავლო და ნორმალური ადამიანი ვიყო", — წერს მომღერალი, — "ყველა ადამიანს აქვს საკუთარი ამბავი და დამოკიდებულება სხვების ამბების მიმართ! გახსოვდეთ, რამდენადაც უნდა გვეგონოს, რომ ადამიანის ცხოვრებას ვიცნობთ, ეს არაფერია კამერის მიღმა არსებულ რეალობასთან შედარებით".