"არჩევნების გაყალბება გაგვიგია, მაგრამ გირაოს გადახდევინების გაყალბების მცდელობა არ გამეგო აქამდე", — აცხადებს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია და ამატებს, რომ მისი გირაოს გადახდასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.

"გუშინ საღამოდან მოყოლებული ქართული ოცნების წარმომადგენლებმა და "ოცნებაზე" ორიენტირებულმა მედიამ, პრაქტიკულად, დაიწყო დარაჯი ჩვენი პარტიის წევრებისა და, ფაქტობრივად, ეკითხებიან ერთ კითხვას, რომ არსებობს თითქოს ვინმე მითიური მოქალაქე, რომელიც ნიკა მელიას სასარგებლოდ გადაიხდის გირაოს", — აღნიშნა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე.

როგორც მელია განმარტავს, ის არ აპირებს აღნიშნული გირაოს გადახდას რადგან მიაჩნია, რომ 20 ივნისის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. გარდა ამისა, პოლიტიკოსი ამბობს, რომ გირაოს გადახდა შეუძლებელია უნიკალური კოდის გარეშე, რომელიც პროკურატურას აქვს.

"პროკურატურამ უნდა გადასცეს ან ბრალდებულს, ჩემი სახით, ან ადვოკატს, გიორგი კონდახიშვილს. ჩვენ არ მიგვიმართავს პროკურატურისთვის, შესაბამისად ეს ყველაფერი არის უცნობი ყველასთვის", — ამბობს მელია.

5 თებერვალს, გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ ნიკა მელიას აღმკვეთი ღონისიძიების, გირაოს პირობების შესრულებისთვის ერთკვირიან ვადას აძლევენ. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე მიმართავს.

უწყების ცნობით, "მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულ ნიკა მელიას საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, რომელიც გირაოს უზრუნველსაყოფად საკმარისია, აღკვეთის ღონისძიების პირობა არ შეასრულა".

მელია აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ მოთხოვნილ გირაოს არ გადაიხდის.

ნიკა მელიას საქმე

ნიკა მელიას საქართველოს პროკურატურა 20 ივნისის აქციის საქმეზე ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება.

2019 წლის 27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, მოსამართლემ სხვა შეზღუდვებიც დაუწესა:

  • საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;
  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია;
  • დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.

2020 წლის 1 ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.

ამის შემდეგ, პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება, კერძოდ, გირაოს გაზრდა 100 000 ლარამდე მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობა 40 000 ლარით გაიზარდა.