კორონავირუსის გამო სკოლებში დაწესებული შეზღუდვები სხვადასხვა ქალაქში განსხვავებულ დროს მოიხსნა. პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ დააანონსა, რომ 15 თებერვლიდან მოსწავლეები მთელი საქართველოს მასშტაბით საკლასო ოთახებში გააგრძელებდნენ სწავლას. არგუმენტად მან კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის შემცირება, კონკრეტულად კი, 4%-ზე ქვემოთ ჩამოსვლა დაასახელა.

განათლების სამინისტრომ მშობლებს ჩართულობისა და სკოლებთან მეტი კომუნიკაციისკენ მოუწოდა, სპეციალისტები და მშობლების ნაწილი კი, უწყებას გეგმის არარსებობის გამო აკრიტიკებენ.

"სამინისტროს მხოლოდ სკოლის გახსნის თარიღი აქვს მოფიქრებული"

ნინო რობაქიძე, რომლის შვილიც მეორე კლასშია, ამბობს, რომ თუ სკოლები მზად არიან გასახსნელად, ეს კონკრეტული დირექციის, მასწავლებლებისა და მშობლების მონდომების შედეგია. მისი შეფასებით, მზადების პროცესში სამინისტროს ჩართულობა არ იკვეთება.

"მრჩება განცდა, რომ არავის არაფერი გაუკეთებია მთელი ეს წელი, რა დროსაც დახურული იყო სკოლები — თუ შევხედავთ, რამდენად ეხმარებოდა სამინისტრო სკოლებს ამ პროცესში, რამდენად მოემზადნენ, დროულად წარმოადგინეს გეგმა, იმსჯელეს, ჩართეს სხვადასხვა მხარე და ა.შ. ძალიან დიდი დრო გაიფლანგა და საგანმანათლებლო სექტორი საერთოდ არ არის არც ტექნიკურად, არც შინაარსობრივად მზად, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს რისკები, რომელიც შეიძლება სკოლების გახსნას მოჰყვეს", — ამბობს იგი.

როცა ასეთი კრიზის დადგა, აღმოჩნდა, რომ არავინ ფიქრობს რა და როგორ უნდა იყოს. გახსნა დაყვანილია მხოლოდ თარიღზე და იმაზე, სანიტაიზერი იქნება თუ არა სკოლაში.

ნინო რობაქიძე, მშობელი

ნინო ხაზს უსვამს, რომ სკოლების გახსნის წინააღმდეგი არ არის და პირიქით, მიაჩნია, რომ ბავშვები მომდევნო სამი თვეც სახლებიდან არ უნდა სწავლობდნენ, მაგრამ სამინისტროს სკოლების გასახსნელად სჭირდება გეგმა. მშობელი ამბობს, რომ ამ ეტაპზე უწყებას გახსნის თარიღის გარდა არაფერი აქვს მოფიქრებული.

"როცა ასეთი კრიზის დადგა, აღმოჩნდა, რომ არავინ ფიქრობს რა და როგორ უნდა იყოს. სკოლის გახსნა დაყვანილი მხოლოდ თარიღზე და იმაზე, სანიტაიზერი იქნება თუ არა. როგორც კი სკოლები დაიხურა, იმ დღიდან უნდა შექმნილიყო განათლების სექტორზე მომუშავე ანტიკრიზისული ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებული იქნებოდნენ როგორც სკოლამდელი, ასევე, სკოლისა და უმაღლესი განათლების ექსპერტები, ბავშვთა ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხების ექსპერტები და ზოგადად ჯანდაცვის ექსპერტები ამ მიმართულებით, რომლებიც სწორად შეაფასებდნენ, რა რისკები შეიძლება მოჰყვეს ამდენი ხნით საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვას. ამის გამო, ბავშვებს ყველგან უდიდესი პრობლემები შეექმნათ, იქნება ეს ფსიქიკური, მენტალური თუ ფიზიკური აქტივობების თვალსაზრისით", — ამბობს ნინო.

მშობელი მიუთითებს იმაზეც, რომ მთელი სამი სემესტრის განმავლობაში, როცა სკოლები დაკეტილი იყო, მოსწავლეების ნაწილს ინტერნეტთან წვდომის, ფსიქოლოგებთან თუ მასწავლებლებთან ინდივიდუალური კომუნიკაციისა და საკუთარი პრობლემების გაზიარების საშუალება არ ჰქონდა.

"კარგი, იხსნება სკოლები, მიდიან 15 თებერვალს და რომ მივლენ, მერე? ვინმემ ფსიქოლოგთან კონსულტაცია შესთავაზა? ვინმემ დამატებითი გაკვეთილი შესთავაზა? ვინმემ შესთავაზა გამოტოვებული გაკვეთილების ანაზღაურება? ჩემი შვილი მეორე კლასშია და ანბანი, ფაქტობრივად, დისტანციურად ისწავლა. არანაირი სტრატეგია ან ხედვა შემოთავაზებული არ არის", — ამბობს ნინო.

ფოტო: Halfpoint/Shutterstock

ანა წურწუმიას შვილი პირველ კლასშია. დისტანციური გაკვეთილების შემდეგ საკლასო ოთახში სწავლის პროცესის გაგრძელება მისთვის სიახლე იქნება. წურწუმია ფიქრობს, რომ გეგმა, რომელსაც მშობლები ითხოვდნენ და რის გამოც აქციებს აწყობდნენ, დღესაც არ ჩანს.

"მე მგონი, ყველაზე კარგად ამ თარიღის გამოცხადებამ, მშობლებისა და არასამთავრობოების აქტიურობამ გამოავლინა ის, თუ რამდენად არ უფიქრია სამინისტროს, მომზადებულიყო. ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა, როცა სკოლები იხსნება? თუ მათ სექტემბრის შემდეგ ნაფიქრი ჰქონდათ და საქმე გაკეთებული, ახლა, წესით, უფრო მარტივი უნდა ყოფილიყო გახსნა", — გვითხრა მან.

წურწუმია მიუთითებს იმაზეც, რომ სანამ მშობლებმა არ გააპროტესტეს სამინისტროს პასიურობა, მანამდე მოსწავლეთათვის პირბადის გამოყენების ვალდებულებაც არ არსებობდა.

"ახლა იმასაც კი ვერ ახერხებს სამინისტრო, რომ პირბადეებით უზრუნველყოს ბავშვები. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველაფერი, მათ შორის, სწავლების ფორმატის არჩევა, სამინისტრომ შეატოვა მშობლებსა და სკოლებს. ანუ დახურვა მათი პრეროგატივაა, თუმცა, როცა გახსნაზე მიდგება საქმე, სამინისტრო ამბობს, რომ ყველაფერი სკოლამ უნდა გადაწყვიტოს", — გვეუბნება ის.

მომზადება გულისხმობს იმას, რომ მართალია ბავშვები ფიზიკურად მიდიან სკოლებში, მაგრამ მათ ფსიქოლოგიურად სჭირდებათ ძალიან დიდი მხარდაჭერა. აუცილებელია, რამდენიმე კვირის მანძილზე თავისუფლად ისაუბრონ იმაზე, თუ რას გრძნობდნენ ჩაკეტილობის დროს, ისინი ფსიქოლოგმაც უნდა დაატრენინგოს.

ანა წურწუმია, მშობელი.

მშობელი ხაზს უსვამს, რომ სკოლების მზაობა მხოლოდ სანიტარული ნორმების დაცვას არ გულისხმობს და გახსნა მოსწავლეების როგორც ფიზიკურ, ასევე, ფსიქოლოგიურ მომზადებას საჭიროებს.

"მართალია, ბავშვები იქ ფიზიკურად მიდიან, მაგრამ ფსიქოლოგიურად სჭირდებათ ძალიან დიდი მხარდაჭერა. აუცილებელია, რამდენიმე კვირის მანძილზე თავისუფლად ისაუბრონ იმაზე, რას გრძნობდნენ ჩაკეტილობის დროს, ფსიქოლოგმაც უნდა დაატრენინგოს. მაგალითად, რომ მკითხოთ, მე როგორ ვამზადებ ჩემს შვილს სკოლაში დასაბრუნებლად, გეტყვით, რომ ვერ ვამზადებ. იმიტომ, რომ წესები მეც არ ვიცი. მქონდა მოლოდინი, რომ სკოლა ბავშვებს ჩაუტარდება ტრენინგს, თუ როგორ უნდა დაიცვან წესები და ა.შ.", — ამბობს ანა.

მშობელი აღნიშნავს, რომ სკოლის ფსიქოლოგთან კომუნიკაცია მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც თავად მოითხოვა. მისი აზრით, ამის შესაძლებლობა მოთხოვნის გარეშე უნდა ყოფილიყო.

"სამინისტრომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა უზრუნველყოს სკოლები, რომ მათ ფიზიკურად შეძლონ იმ პროტოკოლების აღსრულება, რაც უწყებას ფურცელზე უწერია. ძალიან არაპროგნოზირებადია ბავშვებისთვის მომავალი — როდის დაიკეტება სკოლები, არავინ იცის. ბავშვების განვითარების სპეციფიკა კი ისეთია, რომ მათ სჭირდებათ ძალიან დაგეგმილი და პროგნოზირებადი მომავალი, რაც არ არსებობს", — ამბობს მშობელი და დასძენს, რომ ერთადერთი, რაც მისთვის ნათელია, ეს სკოლების გახსნის თარიღია.

სარჩელი განათლების სამინისტროს წინააღმდეგ

მშობლების მსგავსად, ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) მიიჩნევს, რომ განათლების სამინისტრო სკოლების ხელახლა გახსნისთვის სათანადოდ არ მომზადებულა და არ გაუთვალისწინებია ის გარემოებები, რაც საფრთხეს შეუქმნის ბავშვების უფლებებს. შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების უფლებების დაცვის მიზნით, PHR-მა სამინისტროს სასამართლოში სპეციალური მოსარჩელის სტატუსით უჩივლა. კანონმდებლობის მიხედვით, სპეციალური მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელით მიმართოს სასამართლოს, თუ საქმე ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციის ან მათი უფლებების კოლექტიურ დარღვევას.

PHR-ის წარმომადგენელი და უფლებადამცველი, ანა არგანაშვილი On.ge-ს ეუბნება, რომ ბავშვთა, განსაკუთრებით შშმ და სსსმ მოსწავლეების უსაფრთხოებისთვის განათლების სამინისტროს ადეკვატური ზომები არ მიუღია. კერძოდ, არგანაშვილის პოზიციით, უწყებას არ აქვს სათანადო ეროვნული გეგმა, რომლის საფუძველზეც სკოლები უსაფრთხოდ გაიხსნებოდნენ.

სამინისტრომ ერთი გამოსავალი მოძებნა — იმის ნაცვლად, თავად შეეთავაზებინა რაიმე გეგმა, საჭიროების ანალიზი ან რეგულაცია, უშუალოდ სკოლებს დაავალა მათი განხორციელება.

ანა არგანაშვილი

"განათლების სამინისტრო საფრთხეს უქმნის ბავშვების სიცოცხლის, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების უფლებებს, იმით, რომ არ ემზადება პანდემიის დროს მათი სკოლებში დაბრუნებისთვის. სწორედ ამას გულისხმობს ჩვენი სარჩელი", — გვიხსნის არგანაშვილი.

უფლებადამცველი მიუთითებს იმაზე, რომ უწყებამ საკუთარ თავზე არ აიღო სკოლებისთვის რეკომენდაციების შემუშავების პასუხისმგებლობა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი წესებით შემოიფარგლა და სკოლებს დაავალა გეგმების ინდივიდუალურად განხორციელება.

"ბუნებრივია, რომ ჯანდაცვა ვერ შეავსებს იმ ნაწილს, რომელიც ეხება კლასებში სწავლების პროცესის ორგანიზებას. შესაბამისად, ეს ნაწილი სრულიად გამორჩენილია მთავრობის ყურადღებიდან. სამინისტრომ ერთი გამოსავალი მოძებნა — იმის ნაცვლად, თავად შეეთავაზებინა რაიმე გეგმა, საჭიროების ანალიზი ან რაიმე რეგულაცია, უშუალოდ სკოლებს დაავალა მათი განხორციელება", — აცხადებს იგი.

ანა არგანაშვილი

ფოტო: Anna Arganashvili / Facebook

რესპონდენტის თქმით, სამინისტრომ არ გაითვალისწინა გარემოება, რომ ყველა სკოლა, მათ შორის, სხვადასხვა რეგიონში არსებული, საჯარო თუ კერძო, განსხვავებული ფინანსური თუ ადამიანური გამოწვევის წინაშეა. ამის საფუძველზე ორგანიზაციამ, ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოს დროებითი განჩინების გამოცემის მოთხოვნით მიმართა.

ანა არგანაშვილის განმარტებით, PHR ყველა ბავშვის და განსაკუთრებით, შშმ ბავშვების უფლებების დასაცავად, ითხოვს, სასამართლომ განათლების სამინისტროს სათანადო გეგმის შემუშავება დაავალოს.

"ჩვენ უშუალოდ სარჩელის შეტანამდე, სადაც ვამბობთ, რომ დაირღვა შშმ ბავშვების და ყველა ბავშვის უფლება, შევიტანეთ უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც ითხოვდა, რომ სასამართლოს სამინისტროსთვის ეროვნული გეგმის შემუშავება დაევალებინა, რომელიც იქნებოდა საჭიროებებზე დაფუძნებული", — ამბობს ის.

PHR-ის მეორე წარმომადგენლის, ანა აბაშიძის განცხადებით სასამართლომ მათი საჩივარი არ დააკმაყოფილა. იგი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.

"სასამართლომ გაიზიარა მთავრობის პასუხისმგებლობა ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ჩვენ სხვაგვარად გვგონია რადგან ვიცით, რომ სკოლებში ტუალეტებიც კი არაა მოწესრიგებული. სკოლები ჩუმად გვწერენ, რომ არ აქვთ რესურსები შეასრულონ ის ვალდებულებები რაც მათ დააკისრეს, თუმცა სასამართლო და აღმასრულებელი მაინც ფიქრობს რომ სკოლას ეს შეუძლია. იმედია ჩვენ ვცდებით, მაგრამ ვნახავთ", — აცხადებს ის.

რა გეგმები აქვს განათლების სამინისტროს

On.ge დაუკავშირდა განათლების სამინისტროსაც. უწყებაში ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა გვითხრეს, რომ განათლების მინისტრის მოადგილე ყოველდღიურ რეჟიმში სტუმრობს სკოლებს და მათ მზადყოფნას ამოწმებს.

ამასთან, განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი ამტკიცებს, რომ ყველა სკოლა "სრულ მზადყოფნაშია", ყველა პრობლემა ინფრასტრუქტურულად "მოწესრიგებულია", მათ შორის, "მოგვარებულია" სველი წერტილების საკითხებიც.

სამინისტრომ, ამჯერად, მშობლებს მეტი პასუხისმგებლობა დააკისრა. სკოლებს მშობლებთან კომუნიკაციის "სტრატეგიის შემუშავება და დამტკიცება" დაევალათ. უწყებამ მშობლებს მოუწოდა იმისკენაც, რომ აკონტროლონ შვილების ტემპერატურა და ცხელების ან სხვა სიმპტომის გამოვლენისთანავე სკოლას დროულად მიაწოდონ ინფორმაცია.

8 თებერვალს სამინისტრომ ზოგადი გეგმაც გამოაქვეყნა, რომელიც, უწყების მტკიცებით, სკოლების უსაფრთხო გახსნას უზრუნველყოფს. რეკომენდაციების ერთი ნაწილი განახლებულია, დანარჩენი კი უცვლელი დარჩა. მაგალითად, სკოლებს კვლავ შეეძლებათ თავად:

  • განსაზღვრონ გაკვეთილის ხანგრძლივობა;
  • განსაზღვრონ საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით;
  • მოქნილად დაგეგმონ ცვლები;
  • მოსწავლეების უსაფრთხოებისა და სკოლის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით დაგეგმონ შერეული სწავლების საკუთარი მოდელი;
  • შერეული მოდელის დაგეგმვისას I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოდ განსაზღვრონ ფიზიკურად სასკოლო სივრცეში გაკვეთილების ჩატარება.

რაც შეეხება ცვლილებებს, სამინისტრო მშობელს აძლევს შესაძლებლობას, თავად აირჩიოს დისტანციური ან არადისტანციური სწავლება. ამისთვის კი, მშობელმა ონლაინ უნდა გააკეთოს განაცხადი და მოითხოვოს სასურველი ფორმატი. სამინისტროში აცხადებენ, რომ თუ მასწავლებელს დამატებითი გაკვეთილის ჩატარება მოუწევს დისტანციურად, "შესაბამის დანამატსაც" მიიღებს.

ამასთან, უწყების განცხადებით, საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში მოხდება მასწავლებლების და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ.

განათლების სამინისტროში ამბობენ იმასაც, რომ ჰიგიენისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ჯერ კიდევ ზაფხულში უზრუნველყვეს როგორც საჯარო სკოლების ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვა, ასევე, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. მაგალითად, ახალი სასწავლო წლისთვის 800-მდე სკოლაში სრულად მოწესრიგდა სველი წერტილები, მაშინ, როცა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2 ათასზე მეტი სკოლაა.

უწყებამ მხოლოდ 10 თებერვალს წარმოადგინა ის რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც სკოლებმა უნდა იხელმძღვანელონ. სამინისტროში ამბობენ, რომ ეს წესები სკოლებს უკვე მიაწოდეს.

რეკომენდაციების მიხედვით, სასკოლო ტრანსპორტში ასვლამდე და სკოლის შენობაში შესვლამდე მოსწავლეს თერმოსკრინინგი უტარდება, იცავს ერთმეტრიან დისტანციას და გადაადგილდება პირბადით. სკოლის შენობაში შემსვლელი ნებისმიერი ადამიანი გადის თერმოსკრინიგს. დასაშვები ტემპერატურის შემთხვევაში კი, იგი გაივლის დეზობარიერს, დაიმუშავებს ხელებს ანტიბაქტერიული ხსნარით და მხოლოდ მას შემდეგ გადაადგილდება დანიშნულების ადგილამდე. დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ თუ ტემპერატურა 37 ან მეტი იქნება, მაშინ პირს სპეციალურად განსაზღვრულ სივრცეში გადაიყვანენ და 15 წუთის შემდეგ, ტემპერატურა განმეორებით გადამოწმდება.

სკოლებისთვის განსაზღვრული რეგულაციების მიხედვით, თუ მოსწავლეს დაუფიქსირდა 37-ზე მეტი ტემპერატურა, იგი წინასწარ მომზადებულ საიზოლაციო ოთახში გადადის, ხოლო სკოლა უკავშირდება მოსწავლის მშობელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს, რომ ბავშვი დროულად გაიყვანონ.

საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის განსაზღვრულ წესებში ცალკე პუნქტადაა გამოყოფილი "მოსწავლის პირადი ჰიგიენა". ჩამონათვალის თანახმად, სკოლის საერთო სივრცეებში V-XII კლასის მოსწავლეები მხოლოდ პირბადით უნდა გადაადგილდნენ, დაიცვან 1-მეტრიანი დისტანცია და მუდმივად დაიმუშაონ ხელები სადეზინფექციო ხსნარით. ასევე, სამინისტროს რეკომენდაციით, ხველების ან ცემინების შემთხვევაში, მოსწავლემ სახეზე უნდა აიფაროს მოხრილი იდაყვი ან გამოიყენოს ერთჯერადი ხელსახოცი. გამოყენების შემდეგ ხელსახოცი მოსწავლემ უნდა მოათავსოს თავდახურულ ურნაში საკვების მიღებამდე და შემდეგ აუცილებლად უნდა დაიბანოს ხელები დადგენილი წესით.

სკოლების მზაობასთან დაკავშირებით განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემაც ისაუბრა. მისი თქმით, პირბადეების მოხმარებასთან დაკავშირებით განსხვავებული რეკომენდაციაა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. კერძოდ, სსსმ მოსწავლეს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია პირბადის ტარება, ეძლევა შესაძლებლობა, სკოლის ტერიტორიაზე პირბადის გარეშე გადაადგილდეს. ამაზე მოსწავლის მშობელმა სკოლის დირექციას უნდა მიმართოს.

მისივე თქმით, სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, მუშაობა დისტანციურ ფორმატში განაგრძონ.

"ასეთ შემთხვევაში სკოლას აქვს შესაძლებლობა, კონკრეტული საგანი გადაიტანოს დისტანციურ ფორმატში, ან პედაგოგი სხვა მასწავლებლით ჩაანაცვლოს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესი მასწავლებლის უფლებების გათვალისწინებითა და მასთან შეთანხმებით წარიმართოს", — აცხადებენ სამინისტროში.

ფოტო: hackensackmeridianhealth.org/

რა წერია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებში

სკოლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რეკომენდაციები შემუშავებული აქვს ჯანდაცვის სამინისტროს. დოკუმენტის თანახმად, მოსწავლეებს სასწავლო პროცესში გარკვეული წესების დაცვა მოუწევთ, მათ შორის, ხელების დაბანა წყლითა და საპნით ხილული დაბინძურების შემთხვევაში ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას.

გარდა ზოგადი რეკომენდაციებისა, რომელიც თერმოსკრინინგს, დისტანციის დაცვას, ხელების მუდმივად დამუშავებასა და საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლს გულისხმობს, დოკუმენტში რეკომენდაციები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვისაც არის შემუშავებული.

იგი მხოლოდ 5 პუნქტს მოიცავს და ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ზედაპირის დეზინფექცია, ერთჯერადი ხელსახოცების გამოყენება და სხვა. მაგალითად, იქ წერია:

  • განხორციელდეს ყველა იმ ზედაპირის დასუფთავება/დეზინფექცია, რომელთანაც შეხება უწევს სსსმ მოსწავლესა და მასთან მომუშავე სპეციალისტს/სპეციალისტებს (მოსწავლესთან მუშაობის პროცესში გამოყენებული ნებისმიერი დამხმარე და განმავითარებელი რესურსი, მათ შორის, ეტლი, ყავარჯენი, სათვალე და სხვა);
  • რესურსოთახში, ინტეგრირებულ კლასსა და ასევე, საჭიროების შესაბამისად, საკლასო ოთახში, უზრუნველყოფილ იქნეს გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი;
  • სსსმ მოსწავლესთან მუშაობის დროს სპეციალისტმა უნდა გამოიყენოს პირბადე, თუ სამუშაო მოითხოვს 1 მეტრზე ახლოს მიახლოვებას, ამასთან, ხელებით კონტაქტის საჭიროებისას კი გამოიყენოს ერთჯერადი ხელთათმანი;
  • სსსმ მოსწავლესთან მომუშავე სპეციალისტმა უნდა დაიცვას ჰიგიენის წესები სამუშაო ადგილზე, ასევე, დაეხმაროს სსსმ მოსწავლეებს ჰიგიენის წესების დაცვაში;
  • სსსმ მოსწავლესთან მომუშავე სპეციალისტი შეძლებისდაგვარად უნდა დაეხმაროს სსსმ მოსწავლეებს უსაფრთხო დისტანციის დაცვაში.