პანდემიამ ბევრი აქტივობა სახიფათოდ აქცია, მაგრამ, საბედნიეროდ, ეს ვერ ვნებს ჩვენს წარმოსახვას და ძველ ცხოვრებაზე ფანტაზიორობაში ხელს არ გვიშლის. ოცნებებში გართულებს, მსგავსი სიტყვათწყობა გვიტივტივდება გონებაში: როცა ეს ყველაფერი დასრულდება, ...-ს გავაკეთებ. იმის წარმოდგენა, თუ როგორ ვიმოგზაურებთ, ჩავეხუტებით ახლობლებს და წავალთ კონცერტებზე, როგორც კი ნორმალური ცხოვრება დაბრუნდება, ცოტა ხნით, მაგრამ მაინც გვეხმარება არსებულ სირთულეებთან გამკლავებაში.

მაგრამ, სამწუხაროდ, ის დიდებული პოსტპანდემიური პერიოდი, რომელსაც ყველა ასე ვნატრობთ, ერთიანად არ დადგება. როცა პანდემია დასრულდება — ანუ როცა ნორმალური ცხოვრების გაგრძელება უსაფრთხო იქნება — სავარაუდოდ, ვერ მოვახერხებთ იმ კონკრეტული მომენტის იდენტიფიცირებას, როდესაც ყველაფერი ძველებურ ყოფას დაუბრუნდა. თუ ამ ფაქტს ახლავე გავითავისებთ და ფსიქოლოგიურად მოვემზადებით იმისთვის, რომ ვირუსი ნელ-ნელა გაქრება და არა ერთბაშად, შეიძლება შფოთვაც შეგვიმსუბუქდეს.

როგორიც უნდა იყოს პანდემიის დასასრული, ამ მომენტში მსოფლიო მასთან ახლოს არაა. მართალია, ბევრ ქვეყანაში ვაქცინაცია უკვე დაიწყო, თუმცა პროცესი იმაზე ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ვისურვებდით. და მაშინაც, როცა პანდემიის საშიშროება იკლებს, ნორმალიზაციის პროცესი მაინც ეტაპობრივი იქნება: "არ მგონია, რომ ერთბაშად შეიცვალოს ყველაფერი — თავისუფლად გავიდეთ გარეთ და პროდუქტების მაღაზიაში შემხვედრ უცნობებს ვკოცნოთ და ვეხუტოთ", — ამბობს ჯულია მარკუსი, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ეპიდემიოლოგი, — "პანდემიის დასასრულზე ჩვენი წარმოდგენა ისევე ზედმეტად გავამარტივეთ, როგორც მასთან დაკავშირებულ ყველა სხვა საკითხი".

ფოტო: Joan Wong

ეპიდემიოლოგიური კუთხით არ არსებობს კონკრეტული კრიტერიუმი, რომელიც პანდემიის დასასრულს განსაზღვრავს: "ვირუსთან ხელშეკრულებას ვერ გავაფორმებთ, ამიტომ მასთან ბრძოლა ნელ-ნელა მინავლდება", — ამბობს კოლუმბიის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი, სტივენ მორსი. ლოგიკურად, დასასრული მაშინ უნდა დადგეს, როცა კორონავირუსი სრულიად აღმოიფხვრება — COVID-19 ადამიანებისა და ცხოველების ორგანიზმში აღარ იარსებებს. მაგრამ ეს ყველაზე ნაკლებად სავარაუდო ვერსიაა, რადგან სრულიად შესაძლებელია, რომ მომავალშიც ვირუსმა ძალიან მარტივად განაგრძოს გავრცელება დედამიწის ნებისმიერ წერტილში და დააინფიციროს სარისკო ჯგუფებში მყოფი ადამიანები.

ყოველ შემთხვევაში, ამგვარი საზომით პირდაპირ ვერ განვსაზღვრავთ, როდის იქნება უსაფრთხო ადამიანებისთვის გარკვეულ აქტივობებში კვლავ ჩართვა. მაგალითად, ის ვერ ეტყვის ბრუკლინში მცხოვრებ 26 წლის სცენარისტს, მაია კეიდს, როდის შეძლებს პოსტპანდემიური ტატუს გაკეთებას. კეიდმა პანდემიით დაგროვილი თავისუფალი დროის ნაწილი იმის გასაანალიზებლად გამოიყენა, თუ როგორ წარმოაჩენდა ის საკუთარ თავს სხვებთან: "როგორც შავკანიანი ქალი, მე ცნობიერად თუ არაცნობიერად თვითგადარჩენის მიზეზით გავითავისე ქცევის ის ნორმები, რომლებსაც საზოგადოება მკარნახობდა". ამის გამო მან, მართალია, პანდემიამდე სასურველი ტატუს გაკეთება ვერ შეძლო, მაგრამ ახლა გადაწყვეტილი აქვს, რომ როგორც კი უსაფრთხო იქნება, მაშინვე ესტუმროს ტატუს სალონს. თუმცა, ბუნებრივია, კეიდმა არ იცის, ეს დრო როდის დადგება. "ალბათ, 2022-ში", — ვარაუდობს ის.

კეიდი აცხადებს, რომ ვაქცინის დისტრიბუციამდე თავისი გეგმების შესრულებას მოერიდება. მართლაც, ეფექტიანი ვაქცინის არსებობა პოსტპანდემიური პერიოდის დადგომის წინაპირობაა, თუმცა, როგორც ჟურნალისტმა სარა ჯანგმა დაწერა, "ის მაშინვე ვერ დაგვიბრუნებს ძველ ცხოვრებას". ვაქცინის არსებობა მხოლოდ "შემთხვევათა კლების ხანგრძლივი, ნელი პროცესის დასაწყისია".

ფოტო: Ana Kova

ამის შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადამიანს მკაფიოდ ახსოვს, როგორ დაიწყო პანდემია, მათ ასეთი ცხადი მოგონება პანდემიის დასასრულზე დიდი ალბათობით არ ექნებათ. ვირუსამდელ ცხოვრებასა და აწმყოს შორის შესამჩნევი სხვაობაა, მაგრამ აწმყოდან ვირუსისგან გათავისუფლებულ მომავალში გადასვლა, სავარაუდოდ, ეტაპობრივი და ნაკლებად სწორხაზოვანი იქნება.

ის, თუ როგორ გაანალიზებენ ადამიანები პანდემიის დასასრულს, დაკავშირებულია იმასთან, თუ რამდენად მკვეთრად შეიცვლება მათი ცხოვრება ვირუსის შემდეგ. ერთი თეორიის მიხედვით, ადამიანები ერთი მოვლენიდან მეორეში გადასვლას იმ მომენტში აღიქვამენ, როცა ამჩნევენ, რომ მათი მოლოდინები იმაზე, თუ რა მოხდება შემდეგში, თავდაყირა დგება: "ეს დიზორიენტაციის იმ განცდას ჰგავს, რომელსაც მაშინ ვგრძნობთ, როცა ფილმში გარემო მოულოდნელად იცვლება", — განმარტავს ფსიქოლოგიის პროფესორი ლენს რიპსი. ამ მოსაზრების მიხედვით, თუ პანდემიის მიწურულს ვინმეს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება — მაგალითად, საცხოვრებელს შეიცვლის ან უმუშევრობის პერიოდის შემდეგ ახალ სამსახურს იპოვის — ის უფრო მკაფიოდ შეძლებს გარდამტეხი მომენტის გააზრებას. მაგრამ თუ ამის ნაცვლად მას ძველ ცხოვრებაში დაბრუნება თანდათანობით მოუწევს და ძველებურ აქტივობებს დღითი დღე მიუბრუნდება, სავარაუდოდ, ახალ ეტაპზე გადასვლის კონკრეტული მომენტის დაფიქსირება უფრო გაუჭირდება.

მაშინაც კი, როცა ადამიანები ძველი ცხოვრების სწრაფად აღდგენას ნატრობენ, ბევრი შეეგუა იმას, რომ ამ ოცნებას ვერ აიხდენს: "ამ ეტაპზე სახლიდან გასვლისას პირბადის გაკეთება ჯიბეში გასაღების შემოწმების ტოლფასია", — ამბობს პორტლენდში მცხოვრები 34 წლის ადვოკატი, ათულ აჩარია, — "პანდემია უკვე საკმარისად გაგრძელდა იმისთვის, რომ მისი დასასრულის ლოდინში ვატარებდე დროს. მინდა, რომ დამთავრდეს? — კი, რა თქმა უნდა. მაგრამ მჯერა იმის, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება? — არც ისე".

ფოტო: Brian Stauffer / Foreign Policy

ამგვარი ეტაპობრივი გადასვლა, რომლის დროსაც არ იარსებებს მკაფიო ინდიკატორი, რომ ჩვეული აქტივობების გაგრძელება უსაფრთხოა, ზოგიერთისთვის განსაკუთრებით რთული მისაღები შეიძლება აღმოჩნდეს. "იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გენერალიზებულ შფოთვით აშლილობას ებრძვიან, ანუ უკონტროლოდ ნერვიულობენ რიგ თემებზე, ეს ძალიან მტანჯველი პროცესი შეიძლება იყოს", — აცხადებს კლინიკური ფსიქოლოგიის პროფესორი სანდრა ლერა, — "ამასთან, ის ადამიანებიც, რომლებსაც დიაგნოსტირებადი აშლილობა არ აქვთ, მაგრამ შფოთვისადმი მიდრეკილნი არიან, ძლიერად დაისტრესებიან იმ გაურკვევლობის გამო, თუ როდის იქნება უსაფრთხო ჩვეულ საქმესთან მიბრუნება".

სავარაუდოდ, ამგვარი გაურკვევლობა პანდემიის უკანასკნელ ეტაპებზე მთელ საზოგადოებებს მოედება, რადგან ხალხი იმაზე დაიწყებს დავას, მართლა დასრულდა თუ არა პანდემია: "ისეთსავე გაურკვევლობაში ვიქნებით, როგორიც ბოლო წელზე მეტია, არ მოგვკლებია", — აღნიშნავს ჰარვარდის ეპიდემიოლოგი, მარკუსი.

ამგვარი არეულობა ახალი სულაც არ იქნება: პანდემიის დასაწყისიდანვე გაჩაღდა დებატები და გაჩნდა სპეკულაციები იმის შესახებ, თუ როდის დავაღწევთ მას თავს. ამასთან, ზოგიერთი პანდემიის გამოცხადებასაც კი უკმაყოფილებით შეხვდა. მაგალითად, ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში აშშ-ის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ "დიდი სიამოვნებით გახსნიდა ქვეყანას". დონალდ ტრამპის პოზიციას არაერთი მომხრე ჰყავდა. ისინი ხაზს უსვამდნენ ვირუსის გამო დაწყებულ უსაფუძვლო პანიკას, თუმცა COVID-19-ით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა მზარდი სტატისტიკა საპირისპიროსკენ მიუთითებდა.

როცა პანდემია ნამდვილად დასასრულისკენ წავა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებს, შესაძლოა, გაუჭირდეთ ხალხისთვის იმ უსაფრთხოების ზომების მითითება, რომელთა დაცვაც იმ პერიოდში იქნება საჭირო. "კონკრეტული დასასრულის არარსებობის გამოწვევა ისაა, რომ გაცილებით უფრო რთულდება იმის განსაზღვრა, თუ როგორ უნდა იქცეოდნენ ადამიანები", — ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის წარმომადგენელი, რეიჩელ პილტჩ-ლოები, — "ამ რთულ, არაერთგვაროვან სიტუაციაში უფრო მეტი სადავო საკითხი, შეცდომა და ნიუანსი მოიყრის თავს იმის შესახებ, თუ ვინ რა უნდა გააკეთოს და როდის უნდა დაიცვას როგორც საკუთარი თავი, ასევე თავისი ოჯახი და გარშემომყოფი ადამიანები".

ფოტო: ALexey_M / Shutterstock / The Atlantic

ხალხი ცხოვრების ნორმალიზების შესახებ საბოლოო დასტურს ალბათ არა პოლიტიკოსებისა და ჯანდაცვის ექსპერტების წინააღმდეგობრივი განცხადებებით მიიღებს, არამედ მაშინ, როცა ისინი პანდემიის დასასრულის ინდივიდუალურ ეტაპებს გაივლიან. მაგალითად, კეიდის თქმით, სასურველი ტატუს გაკეთება მისთვის იმის მანიშნებელი იქნება, რომ პანდემია დასრულდა; აჩარიას აზრით კი, ის და თავისი ცოლი პანდემიას წარსულს მაშინ მიაბარებენ, როცა უსაფრთხოდ შეძლებენ მეგობრების დაპატიჟებასა და წვეულების გამართვას.

ამგვარად, პანდემიის დასასრული ყველა ადამიანისთვის განსხვავებული იქნება და ის არა ინფიცირებულთა სტატისტიკების ან მთავრობის დირექტივებით განისაზღვრება, არამედ თითოეული ჩვენგანის პერსონალური გამოცდილებით. თუმცა, როგორც მარკუსმა აღნიშნა, "პანდემია ზოგიერთი ადამიანისთვის უკვე დასრულებულია: ისეთებიც არიან, ვისთვისაც ვირუსი დიდ რამეს არასდროს წარმოადგენდა; ასევე არსებობენ ის ადამიანებიც, რომლებმაც ახლა გადაწყვიტეს, რომ პანდემია არსებითი აღარ არის". ამგვარი ნაადრევი და მოგვიანებით უფრო დროული დასასრულები თანდათანობით დადგება, თუმცა არა ერთდროულად: კეიდი სხვა დროს გაიკეთებს სასურველ ტატუს, ვიდრე აჩარია დაგზავნის წვეულების მოსაწვევებს.

როცა ეს პირადი დასასრულები დადგება, ისინი კათარზისული და ტრიუმფალური იქნება. თუმცა მათი ინდივიდუალური ბუნება ცხოვრების ნორმალიზების კოლექტიურად განცდის საშუალებას არ მოგვცემს. ამგვარად, არ იარსებებს კონკრეტული და მკაფიო მომენტი, როცა ყველა ერთად შევძლებთ, პანდემია წარსულს მივაბაროთ.