25 თებერვალსა და 31 მარტს ოპოზიცია თბილისსა და რეგიონებში აქცია-მსვლელობას გამართავს. ამის შესახებ ცოტა ხსნის წინ ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს. ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, აქციას სიმბოლური დატვირთვა აქვს.

"100 წლის წინ მოხდა ტრაგედია საქართველოში, როდესაც ჩვენ დავკარგეთ თავისუფლება. ამ დღეს ჩვენ შევიკრიბებით, რათა საზოგადოებამ გამოხატოს თავისი ლეგიტიმური აღშფოთება და პროტესტი, რომ ჩვენ არ დავუშვებთ იგივეს საქართველოში, რის საფრთხესაც ქვეყანას ივანიშვილის რეჟიმი უქმნის", — განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, მსგავსი აქცია რეგიონებშიც გაიმართება. ცენტრალური აქცია კი, 31 მარტს თბილისში ჩატარდება.

ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი უკვე თქვეს და არჩევნების მეორე ტურსაც ბოიკოტი გამოუცხადეს, რომელიც 21 ნოემბერს ჩატარდა. მეორე ტურში არცერთი ოპოზიციური პარტია არ მონაწილეობდა.

პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები არ იცვლება და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. თავისი პოზიციების დათმობაზე უარს ამბობს ხელისუფლებაც. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არც განიხილავენ. ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, გაიმართება თუ არა მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი, რომელიც იანვრის მეორე ნახევარში უნდა გამართულიყო.