საქართველოს კათოლიკოს-პატრირაქმა, ილიამ მეორემ ქადაგებისას მიტროპოლიტ პეტრე ცაავაზე ისაუბრა. პატრიარქმა განაცხადა, რომ იგი საკუთარი შვილივით გაზარდა და დაელოდება მის ისე, როგორ მამა ელოდება უძღები შვილის დაბრუნებას.

"თქვენ იცით, რომ ამ ბოლო დღეებში დიდი განსაცდელი იყო ეკლესიაში, მაგრამ, უნდა გვახსოვდეს, განსაცდელი რომ ეძლევა ადამიანს, ძალაც ეძლევა, მადლი ეძლევა. მეუფე პეტრე ჩვენ გავზარდეთ, როგორც საკუთარი შვილი, მაგრამ, მოხდა განსაცდელი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არავითარი ცოდვა არ აღემატება ღვთის წყალობას. სინანული და აღსარება, კურნავს ადამიანს და ჩვენ, დარწმუნებული ვართ, რომ სინანული დაისადგურებს ჩვენს გულებში, ჩვენს გონებაში და მეუფე პეტრე კვლავ განიკურნება. უძღები შვილი დაბრუნდება. უძღები შვილის მამა გადიოდა გზაზე და ელოდებოდა თავის შვილს. ასევე ველოდებით ჩვენც შეცდომილ შვილებს", — განაცხადა ილია მეორემ.

პეტრე ცაავას მღვდელმსახურება 2019 წლის სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით შეუჩერეს და ჭყონდიდის ეპარქიას ჩამოაშორეს. სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ეკლესიაში "მამათმავლობის ცოდვის" მხილების გამო პატრიარქმა მღვდელმთავრობიდან გადააყენა. მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ თავად პატრიარქია "პიდარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი".

მეუფე პეტრემ განმარტა, რომ სიტყვა "პიდარასტიაში" "ჭაბუკის გამხრწნელი" იგულისხმა. მისი თქმით, ეს საეკლესიო ტერმინია და სხვას ვერაფერს დაარქმევს.

სინოდის სხდომის განჩინებით, პეტრე ცაავას აეკრძალა მღვდელმოქმედება, გათავისუფლდა სინოდის წევრობიდან და ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან და "მოსანანიებლად" შიომღვიმის მონასტერში იქნა გამწესებული. მეუფე პეტრემ შიომღვიმეში წასვლაზე უარი განაცხადა და ეპარქია მის შემცვლელს, ეპისკოპოს გრიგოლ კაციას გადააბარა.

11 თებერვალს გამართულ სინოდის სხდომაზე გადაწყდა, რომ ჭყონდდის ეპარქიის მმართველობას ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მმართველი მიტროპოლიტი სტეფანე შეითავსებს.