17 თებერვალს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში თოვაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ვარდნისა და ინტენსიური თოვლის გამო, ქვეყნის საერთაშორისო თუ შიდასახელმწიფოებრივ მაგისტრალებსა და გზების გარკვეულ მონაკვეთებზე გადაადგილება დილიდან შეზღუდულია. ინფორმაციას ამის შესახებ გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები

  • ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ1-კმ62-ზე, დაბალი ხილვადობის გამო, მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისთვისაა დასაშვები. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

  • ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ171-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით აქ დიდთოვლობა და ზვავსაშიშროებაა მოსალოდნელი;
  • გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია;
  • იგივე შეზღუდვა ვრცელდება ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზეც;

საერთაშორისო მნიშვნელობის გზები

  • ამ დროისთვის ყველაზე რთული მდგომარეობა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზეა. ინტენსიური თოვლისა და დაბალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროების საფრთხეა, ამიტომ, ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია;

ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტ

  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოყინულია საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის კმ65–კმ98 მონაკვეთი. ამის გამო აქ გადაადგილება დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის;

ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

  • იგივე შეზღუდვა ვრცელდება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საერთაშორისო გზის ნატახტარი-ხუნევის მონაკვეთზე, გზის დანარჩენ ნაწილზე კი მოძრაობა თავისუფალია;

ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

  • მოძრაობა შეზღუდულია ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის, ახალქალაქი-კარწახის (თურქეთი) გზის კმ1-კმ36,5 მონაკვეთზე. აქ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გარდა, აკრძალულია 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობაც;

ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

  • მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება აკრძალულია თბილისის შემოსასვლელ საავტომობილო გზაზეც;

ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მოსახლეობას მოუწოდებს გაითვალისწინონ გზებზე დაწესებულ შეზღუდვებს და იმოძრავონ ზამთრის საბურავებით.