ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია, რომელსაც ცოტა ხნის წინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდე, აცხადებს, რომ თავისუფლების იდეა არ სამართლდება ზოგადად და არც ახლა გასამართლდება. მისი თქმით, ქართული ოცნება ძალმომრეობაზე დგას, თავად კი სიმართლეზე.

"რა დილემის წინაშე ვდგავართ: ან თავისუფალი საქართველო, ან დამონებული საქართველო; ან ღირსეული საქართველო, ან ღირსებააყრილი საქართველო; ან თავისუფალი ხალხის, თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მომავალი, ან ოკუპანტის ბორკილები.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება, რეჟიმი დგას მხოლოდ და მხოლოდ ძალმომრეობაზე და ჩვენ ვდგავართ სიმართლეზე. ჩვენს მხარეს არს ის სიმართლე, რომლის გამოც ისტორიულად, თაობებს ყველაზე ძვირფასი რაც გააჩნდათ — სიცოცხლეც კი დაუთმიათ. თავისუფლების იდეა, ბიძინა ივანიშვილო, თავისუფლების იდეა, ბატონო სერგეი გავრილოვო, არ სამართლდება — არ გასამართლებულა არასოდეს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში და ბუნებრივია, არც ახლა გასამართლდება", — განაცხადა ნიკა მელიამ.

აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს.

ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლა პროკურატურამ მას შემდეგ მოითხოვა, რაც ენმ-ის ლიდერმა გირაოს მეორედ გადახდაზე უარი თქვა. მელიას უარი ემყარებოდა იმას, რომ ამავე საქმეზე მას ერთხელ უკვე გადახდილი აქვს სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაო. საუბარია 20 ივნისის საქმეზე, როცა სასამართლომ მას გირაო და ელექტრონული სამაჯურის ტარება შეუფარდა. მელიამ სამაჯური ერთ-ერთ აქციაზე დემონსტრაციულად მოიხსნა, რის შემდეგაც პროკურატურამ იგივე საქმეზე გირაო ხელახლა მოითხოვა. მელიას უარის შემდეგ, პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების, ანუ პატიმრობის მოთხოვნა დააყენა. ამისთვის მას პარლამენტის ნებართვა სჭირდებოდა, რადგან ბოიკოტის მიუხედავად, მელია კვლავ დეპუტატია. 16 თებერვალს ქართული ოცნების პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი უკვე მეორედ მოუხსნა და პროკურატურამ სასამართლოს იმავე დღეს მიმართა.

ნიკა მელია მთელი ამ დროის განმავლობაში აცხადებდა, რომ გირაოს არ გადაიხდის და ვერ დაიჭერენ. მისი თქმით, საქმე პოლიტიზებულია. ის ამ წუთებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში იმყოფება, სადაც სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც მივიდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლებას მელიას დაკავების საშუალებას არ მისცემენ.

ნიკა მელიას საქმე

ნიკა მელიას საქართველოს პროკურატურა 20 ივნისის აქციის საქმეზე ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობას ედავება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლით 4-დან 9 წლამდე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ძალადობრივი ჯგუფის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის დგება.

პროკურატურა მელიასთვის პატიმრობას ითხოვდა, თუმცა 2019 წლის 27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, მოსამართლემ სხვა შეზღუდვებიც დაუწესა:

  • საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე;
  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია;
  • დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.