ყოფილი პრემიერმინისტრისა და მოქმედი თავდაცვის მინისტრის, ამჯერად უკვე პრემიერობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ძალიან მალე აღადგენენ წესრიგს. სავარაუდოდ, ამ ფორმით ის ენმ-ს ლიდერის, ნიკა მელიას საქმეს გამოეხმაურა.

"მინდა აღვნიშნო ძალიან მოკლედ, რომ ბუნებრივია ჩვენ ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს და იმ წონასწარობას, რომელიც აუცილებელი არის ქვეყანაში იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს, ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირება", — განაცხადა მან.

ღარიბაშვილის თქმით, დღეს "ემოციური დღე" არის, მაგრამ გუნდმა სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება. მან მადლობა გადაუხადა გუნდსა და თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს და აღნიშნა:

"ბუნებრივია, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ეს არის უდიდესი პატივი, რომ უკვე, რა თქმა უნდა, დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერმინისტრი".

მისი თქმით, ქვეყნის წინაშე უამრავი გამოწვევაა, კოვიდპანდემია, უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე და მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა და ისინი არიან მოწადინებული, რომ მოსახლეობას სრაფად მოუგვარონ ეს პრობლემები.

პრემიერმინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება. ამის შესახებ ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებს, ღარიბაშვილი პრემიერმინისტრი მეორედ გახდება.

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ღარიბაშვილი პოლიტსაბჭოს მან წარუდგინა და გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.

მისივე განცხადებით, ღარიბაშვილის მინისტრობისა და პრემიერმინისტრობისას განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები და ის არის გამორჩეული გამოცდილების მქონე პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია წარმატებით გაუძღვეს მთავრობის საქმიანობას და იზრუნოს იმ გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას.

დღეს, 18 თებერვალს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა და ეს გადაწყვეტილება ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა. მან ახსენა ისიც, რომ გუნდში ამაზე აზრთა სხვადასხვაობაა.

გიორგი გახარიას თქმით, მისი ურყევი პოზიციაა, რომ "ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი, მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან საერთოდ ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი".

მან ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.

გუშინ, 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს.

მთელი ღამის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები იმყოფებოდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლებას მელიას დაკავების საშუალებას არ მისცემენ. დღეს დილიდან პოლიცია ენმ-ის ოფისთან მივიდა, თუმცა აქტივისტებმა შენობაში არ შეუშვეს. ამის შემდეგ შსს-მ გავრცელა განცხადება და პოლიტიკოსებსა და მხარდამჭერებს მოუწოდა, პოლიციას ხელი არ შეუშალონ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში.