თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე იქნება. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. კანდიდატურა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.

"თავდაცვის მინისტრის პოსტს, მოქმედი მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს, რომელიც სხვადასხვა დროს მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, არის კარგი მენეჯერი", — განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამ თანამდებობას პრემიემინისტრობის ამჟამინდელი კანდიდატი, ირაკლი ღარიბაშვილი იკავებს. ჯუანშერ ბუჭულაძე აქამდე მისი მოადგილე იყო. ამასთან, 2016-2019 წლებში იგი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა.

ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებიდან რამდენიმე საათში 18 თებერვალს საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გადადგა. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.

იმავე დღეს ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას დაამტკიცებს, ღარიბაშვილი პრემიერმინისტრი მეორედ გახდება.