ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შემდეგი ქვეყნები, რომლებთანაც სამუშაო მიგრაციაზე აქვთ მოლაპარაკებები საფრანგეთი, საბერძნეთი და ისრაელია.

"თუმცა კვიპროსთანაც მიმდინარეობს გარკვეული მოლაპარაკება. ასევე, გერმანიის შემდეგ ევროპის არაერთი ქვეყნისგან გვქონდა გამოხმაურება და ინტერესი. [...] თუ, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეებიც შესაბამისად გაუმკლავდებიან იქ დაკისრებულ ვალდებულებებს და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც მოხდება, რა თქმა უნდა უნდა, მსურველთა და დაინტრესებულ მხარეთა რიცხვი გაიზრდება", — განაცხადა ტიკარაძემ საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.

გერმანიაში დროებითი დასაქმების მსურველი შრომითი მიგრანტის სარეგისტრაციო პორტალზე ერთ დღეში 53 274 პირი დარეგისტრირდა. მათგან სააპლიკაციო ფორმა დროებითი დასაქმება გერმანიაში 35 121 პირმა შეავსო.

სეზონური სამუშაოები აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: https://workabroad.moh.gov.ge/.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს Facebook გვერდს ან დაუკავშირდით ცხელ ხაზს — 1505. დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.