BBC-ის ცნობით, H5N8 ტიპის ვირუსის ფრინველიდან ადამიანზე გადაცემის პირველი შემთხვევა რუსეთში გამოვლინდა. ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყნის სამხრეთით მეფრინველეობის ქარხანაში შვიდი თანამშრომელი დეკემბერში დაინფიცირდა. მათივე თქმით, აღნიშნულზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ინფორმირებულია.

"შვიდივე ადამიანი ახლა თავს კარგად გრძნობს", — ამბობს რუსეთის სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი, ანა პოპოვა.

მისივე თქმით, ინფექციის გავრცელების შესაჩერებლად ადეკვატური ზომები მაშინვე მიიღეს. ის, ასევე, ამბობს, რომ ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადადების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ბრიტანული მედია წერს, რომ ფრინველის გრიპის სხვა შტამებით ადამიანები ხანდახან ინფიცირდებიან და ინფექცია ფატალურ შედეგებსაც იწვევს, მაგრამ H5N8 ტიპის ვირუსი აქამდე მხოლოდ შინაური ფრინველებში ვრცელდებოდა. ეს პირველი შემთხვევაა მსოფლიოში, როდესაც შტამი ფრინველიდან ადამიანს გადაედო.