საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის სინდისის პატიმრად აღარ მიიჩნევს. ამის მიზეზი მისი 15 წლის წინანდელი განცხადებები გახდა, რომელიც დისკრიმინაციულად შეფასდა. ამავე დროს, ორგანიზაცია კვლავ მიიჩნევს, რომ ნავალნის პოლიტიკური ნიშნით დევნიან და მის გათავისუფლებას მოითხოვს.

"სამწუხაროდ, ჩვენ ეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ, რადგან ჩვენმა იურიდიულმა და პოლიტიკურმა დეპარტამენტმა გადაწყვიტა, რომ სინდისის პატიმრის სტატუსი არ შეესაბამება ალექსეი ნავალნის განცხადებებს, რომელიც მას საჯაროდ არ უარყვია", — განუცხადა BBC-ს ალექსანდრ არტემევმა, ორგანიზაციის რუსული ბიუროს პრესმდივანმა.

მისივე თქმით, ნავალნის გადანცხადებების გადამოწმების მოთხოვნით წერილები მიიღეს, რაც შესაძლოა "დისკრედიტაციის კოორდინირებული კამპანია" იყო.

Amnesty International-მა ალექსეი ნავალნი სინდისის პატიმრად 17 იანვარს, მოსკოვში მისი დაკავების შემდეგ აღიარა. ორგანიზაციის წესების თანახმად, აღნიშნული სტატუსის მიღების აუცილებელი პირობაა, რომ პირს ძალადობის ან სიძულვილის წამახალისებელი განცხადებები გაკეთებული არ ჰქონდეს.