მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კახა ქემოკლიძე გადადგა. ამის შესახებ განცხადება მან Facebook-ზე გაავრცელა.

"მადლობა, იმ ადამიანებს ვინც თავდაუზოგავი (ზოგჯერ სიცოცხლისთვის სარისკო) შრომის ფასად, მუდმივად უწევდათ ოჯახისთვის, შვილებისთვის, ახლობლებისა და მეგობრებისთვის ყურადღების მოკლება/ ყოველთვის ცდილობდნენ ესწავლათ სხვის, თუ საკუთარ შეცდომებზე, რათა მომავალში სახელმწიფოსთვის და მისი ინსტიტუციებისთვის აერიდებინათ მოჯადოებულ წრეზე სიარული და პროგრესისთვის შემაფერხებელი ბარიერები. განსაკუთრებული მადლობა იმ ხალხს, ვისგანაც გავიაზრე შიშისგან თავისუფლების იდეა. ვინც ჩამინერგა მრწამსი, რომ ამ სფეროში (ისევე როგორც ცხოვრებაში) ორი რამ არის მთავარი: ღირსება და სახელმწიფო ინტერესების ერთგულება", — წერია განცხადებაში.

მან განსაკუთრებული მადლობა ექსპრემიერ გიორგი გახარიას გადაუხადა და მას "სწორი სახელმწიფოებრივი ფასეულობების და ღირებულებების მატარებელი და ბევრისათვის სამაგალითო ლიდერი" უწოდა.

"არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ყოფილ პრემიერ გახარიას ადამიანს, რომელსაც, არ დაგიმალავთ ეჭვის თვალითაც კი (პროფესიული ჩვევებიდან და ინსტიქტებიდან გამომდინარე ვუყურებდი დასაწყისში. მადლობა გახარიას, იმისთვის, რომ იყო თავდაუზოგავი (ხშირ შემთხვევაში ფიზიკურად ამოუხსნელი) შრომის, საოცრად სწრაფი ფიქრის უნარის, სწორი სახელმწიფოებრივი ფასეულობების და ღირებულებების მატარებელი და ბევრისათვის სამაგალითო ლიდერი. იყო შინაარსობრივად მერიტოკრატიის რწმენით გამსჭვალული ხელმძღვანელი; ქრონიზმის, ნეპოტიზმის, ზედმეტი ბიუროკრატიის მტერი და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ამღები თანამედროვე მენეჯერი. მადლობა მას, იმისთვის, რომ მომცა საშუალება ვყოფილიყავი სახელმწიფო ინტერესების დაცვის სადარაჯოზე და მემსახურა ჩემი ქვეყნისათვის", — წერია მის განცხადებაში.

ის აცხადებს, რომ "დროებით გვემშვიდობება". კახა ქემოკლიძე გიიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად 4 თებერვალს დანიშნა.

2012 წლის ივნისიდან — 2018 წლის აპრილამდე, კახაბერ ქემოკლიძე იყო შსს-ს, მოგვიანებით სუს-ის სპეციალური წარმომადგენელი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე და ცენტრალური მთავრობის მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ჯგუფის შეხვედრებზე.

2016-2018 წლებში ის, ასევე, იყო ცენტრალური ხელისუფლების სპეციალური წარმომადგენელი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების სამმხრივი საკოორდინაციო მექანიზმის შეხვედრებზე.

ქემოკლიძე 2018 წლის აპრილიდან შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 2019 წლის აგვისტოში კი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსად დაინიშნა.