ერთიანი წინააღმდეგობა არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ახლა.

ჯუნ ოსბორნის ქმედებებმა გილეადი შეარყია, თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ყველაფერი უშედეგოდ არ ჩაივლის: ჯუნს, შესაძლოა, ეს იმაზე ძვირად დაუჯდეს, ვიდრე წარმოგვიდგენია. ამიტომაც ელის ერთგული მაყურებელი ამდენი ხანია ისტორიის გაგრძელებას სუნთქვაშეკრული.

როგორც იქნა, Hulu-მ გვაღირსა თავისი გახმაურებული სერიალის, მხევლის წიგნის მეოთხე სეზონის ტრეილერი და მოემზადეთ: წინ ნამდვილად ემოციური სანახაობა გელოდებათ.

ემის მფლობელი ეს სატელევიზიო შოუ, რომელიც მარგარეტ ეტვუდის ამავე სახელწოდების მქონე რომანის მიხედვით გადაიღეს, 2017 წელს გამოვიდა და უკვე მსოფლიო მოვლენად იქცა. ჯერჯერობით ბოლო, მესამე სეზონის პრემიერა 2019 წელს შედგა და მას შემდეგ მილიონობით მაყურებელი მოუთმენლად ელის ახალ ეპიზოდებს.

სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ტრეილერთან ერთად მეოთხე სეზონის გამოსვლის თარიღიც დააანონსეს: 28 აპრილი.

ახალი სეზონი ჯუნის კიდევ ერთი პირადი გამარჯვების შესახებ მოგვითხრობს თუ ამჯერად მაინც დაიწყება გილეადის ტოტალიტარული სისტემის უფრო მასშტაბური რღვევა? მსგავს კითხვებზე პასუხებს სულ მალე გავიგებთ.

მანამდე კი შეგვიძლია იმით დავიმშვიდოთ თავი, რომ ისტორია ჯერ არ სრულდება: გასულ დეკემბერს მხევლის წიგნის კიდევ ერთი, მეხუთე სეზონი ოფიციალურად დაამტკიცეს.