კვიპროსის საზოგადოებრივი მაუწყებელი ადგილობრივი მოსახლეობისგან მუქარისშემცველ გზავნილებს იღებს. მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს ევროვიზიაზე კვიპროსის წარმომადგენელი მომღერლის საკონკურსო სიმღერა გახდა ცნობილი, რადიკალურმა ჯგუფებმა ინტერნეტსივრცეში პროტესტი გამოთქვეს.

სიმღერა, სახელწოდებით El Diablo ("ეშმაკი") 26 წლის ბერძენმა მომღერალმა, ელენა ცაგრინუმ მაისში დაგეგმილ კონკურსზე უნდა შეასრულოს. სიმღერის პრემიერიდან რამდენიმე საათში ჯგუფმა "კვიპროსელი ქრისტიანები" ონლაინპეტიცია შექმნა და კონკურსიდან სიმღერის მოხსნა მოითხოვა.

"ძვირფასო თანამოქალაქენო, ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე კვიპროსის მონაწილეობა სიმღერით El Diablo, ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის, შეურაცხმყოფელია. შემოგვიერთდით, რათა ეს გავაპროტესტოთ", — წერია პეტიციის გვერდზე განთავსებულ ტექსტში.

ულტრამემარჯვენე მოძრაობა ELAM-ის განცხადებით, სიმღერის ტექსტი — I gave my heart to el diablo ("ჩემი გული ეშმაკს ვუბოძე") — მართალია, მეტაფორული მნიშვნელობისაა, თუმცა, იგი მაინც "შეურაცხყოფს მათ რწმენას".

"მოვუწოდებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელებს, შეცვალონ გადაწყვეტილება და ისეთი სიმღერა შეარჩიონ, რომელიც ჩვენი ქვეყნის მშვენიერებას, ტრადიციებს და ისტორიას წარმოაჩენს", — აცხადებს ნაციონალისტური მოძრაობა, — "ჩვენ გვსურს, ევროპელებმა გაგვიცნონ, როგორც ლამაზი ხმელთაშუაზღვისპირა კუნძული მისი გამორჩეულობით და არა ეშმაკისადმი მისი სიყვარულით".

სანამ სიმღერის შინაარსს პოლიტიკური პარტიები განიხილავენ, კვიპროსის საზოგადოებრივ მაუწყებელს თავის მართლება და დაცვა უწევს. რადიკალურმა ჯგუფებმა ტელეარხის შენობის დაწვის მუქარებიც გაავრცელეს. ამჟამად მაუწყებლის ყველა შენობას ინციდენტების თავიდან ასაცილებლად პოლიცია იცავს.

ტელეარხის განცხადებით, სიმღერა "კეთილისა და ბოროტის ჭიდილსა" და ტოქსიკურ ურთიერთობაში მყოფი ქალის სურვილზეა, თავი დააღწიოს "სტოკჰოლმის სინდრომსა და პარანოიას".

"ვიმედოვნებთ, სიმღერა და მისი სწორი ინტერპრეტაცია შთამაგონებელი იქნება, არა მხოლოდ ქალებისათვის, არამედ ყველასთვის, ვინც მსგავს სიტუაციაში იმყოფება", — დასძენს მაუწყებელი.

აღსანიშნავია, რომ სამშობლოში მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, სიმღერას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა კონკურსის გულშემატკივრებისგან. ევროვიზიის ფანების აპლიკაციაში კვიპროსი ამ დროისათვის პირველ ადგილს იკავებს.

ფოტო: EBU

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი წელს 18, 20 და 22 მაისს გაიმართება როტერდამში. შარშან, კორონავირუსის პანდემიის გამო, 65-წლიანი არსებობის განმავლობაში პირველად, ღონისძიების ჩატარება გაუქმდა.

ყოველწლიურ მასშტაბურ მუსიკალურ შეჯიბრებაში, რომელსაც 180 მილიონი მაყურებელი ადევნებს თვალს, წელს 41 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. მათ შორისაა საქართველოც, რომელსაც კონკურსზე თორნიკე ყიფიანი წარადგენს.