როცა იანვრის დასაწყისში ქართულ გამომცემლობებს ამ წლის გეგმებზე ვკითხე და გავიგე, რომ სულაკაურის გამომცემლობა თამთა მელაშვილის ახალ რომანს გამოსცემდა, იქიდან მოყოლებული გაფაციცებული ველოდებოდი წიგნის მაღაზიის თაროებზე შაშვი შაშვი მაყვალის გამოჩენას. ამის მიზეზი მარტივია: თანამედროვე ქართული ლიტერატურის გულშემატკივრებისთვის სიახლე არაა, რომ თამთა მელაშვილი გამორჩეული ავტორია, რომელსაც უნიკალური, საინტერესო და განსაკუთრებულად ძვირფასი შემოქმედებითი ხმა აქვს.

ეს ხმა ქალის ხმაა, იმ ქალის, რომელიც დიდხანს იყო დადუმებული ქართულ ლიტერატურაში. როცა თამთაზე ან ნებისმიერ სხვა მწერალ ქალზე საუბრობენ და კარგის თქმა უნდათ, ხაზს უსვამენ ხოლმე, რომ მართალია, მნიშვნელოვანია, როგორც ქალი ავტორი და დასაფასებელია, როგორც ფემინისტური ტექსტი, მაგრამ ამის მიღმაც, ზოგადადაც კარგი ლიტერატურააო. თითქოს, ქალი ავტორი ცალკე კატეგორიაა და "ნამდვილ", "ჭეშმარიტ" ლიტერატურას მხოლოდ კაცები ქმნიან, ამიტომაც მწერალმა უნდა დაივიწყოს თავისი ქალობა, მათთან გათანაბრება რომ შეძლოს. ასე, ალბათ, ისინი ფიქრობენ, ვისაც თავადაც რომ ვერ გაუცნობიერებიათ, ისე ეშინიათ გულის სიღრმეში სიტყვა ფემინიზმის, მისი ხსენებისას რაღაც უსიამოვნოდ გაკენწლავთ ხოლმე. მე კიდევ მგონია, რომ სულაც არ უნდა გავურბოდეთ ამ სიტყვებს: დიახ, თამთა მელაშვილი ქალის ხმით ქმნის ფემინისტურ ტექსტებს, რომლებიც ზუსტადაც რომ ნამდვილი ლიტერატურაა.

სწორედ ამ სამწერლობო ენის მნიშვნელობაზე წერს ლიტერატურათმცოდნე ლევან ცაგარელიც:

"ავთენტური, ქალური ხმა ისმის თამთა მელაშვილის ახალ რომანში შაშვი შაშვი მაყვალი. თანამედროვე ქართული ფემინისტური პროზის სხვა ნიმუშებისგან განსხვავებით, ამ რომანში სრულიად მარგინალური, პროვინციელი (ლამის სუბალტერნული) ქალის ხმა ისმის. ეს ქალი არაფრით არაა გამორჩეული: არც გარეგნულად, არც ინტელექტუალურად, არც ბიოგრაფიულად... ესაა სრულიად ჩვეულებრივი, ასაკში შესული შინაბერა, რომლის ტიპური შინაგანი სამყაროც ალბათ პირველად იქცა ქართულ ლიტერატურაში ესოდენ მასშტაბური რეპრეზენტაციის ობიექტად.

შესაშური სტილური ოსტატობით დაწერილი მისი შინაგანი მონოლოგი იკავებს მთელ ტექსტს, რომელშიც დროდადრო სხვათა ხმებიც გამოერევა ხოლმე. თუმცა არა სხვების, არამედ თავად მთხრობლის მიერ ნაფიქრისა და ნათქვამის კონტრაპუნქტით იქმნება ტექსტის მოქნილი მუსიკალური ქსოვილი, რომელიც ასახავს შინაგან კონფლიქტს ინდივიდის სურვილებსა და სოციალურ ნორმებს შორის".

შაშვი შაშვი მაყვალი სათაურიდანვე მაშინვე აგრძნობინებს მკითხველს, თუ რამდენად პოეტურ ლიტერატურასთან აქვს შეხება. ამ წიგნის თითოეულ წინადადებაში სიტყვები უბრალოდ კი არ არიან ერთმანეთის გვერდით მიწყობილი, გარკვეული აზრობრივი წყობა რომ შექმნან, არამედ ფაქიზად დალაგებულ მუსიკალურ ნოტებს ჰგვანან, რომლებიც გულიდან ამოხეთქილ მელოდიას ქმნიან.

ოღონდ ამის გამო ტექსტი წვრილმან დეტალებამდე დაგეგმილ, მკაცრად განსაზღვრულ და გადამუშავებულ ძვირფას ქვას არ ჰგავს, არა, ის უფრო მიწის წიაღში ახლახან აღმოჩენილი დაუმუშავებელი ალმასია. პირველივე გვერდებზე მკითხველი რიონის ხმაურს მოჰკრავს ყურს და წიგნის გადაშლისთანავე მთავარი გმირის, ეთეროს შინაგანი მონოლოგიც ასე ადიდებულ მდინარესავით გადმოდის კალაპოტიდან, რომელიც თუ ნებას მისცემ, თან წაგლეკავს და კაცმა არ იცის, სად გამოგრიყავს.

თამთა მელაშვილის ახალი რომანი ნამდვილი დღესასწაულია, რომელიც ლიტერატურის რაც შეიძლება ბევრმა მოყვარულმა ერთად უნდა აღნიშნოს. ამიტომაც კიდევ სხვა მკითხველებს, ჩემზე გაცილებით უფრო გამოცდილებს, ემოციების გაზიარება ვთხოვე: ეჭვი მქონდა, ერთადერთი ნამდვილად არ ვიქნებოდი, ვინც ამ წიგნმა ააღელვა და აი, პოეტ მედეა იმერლიშვილის შთაბეჭდილებებიც.

"ქართულ ლიტერატურაში არ მახსენდება წიგნი – მონოლოგი, ქალის ხმით, ასეთი გულწრფელი, ასეთი პირადული, როგორც თამთა მელაშვილის შაშვი შაშვი მაყვალი — ერთი ქალის წიგნი, რომელიც, თითქოს, სხვა ქალებისაგან არაფრით გამოირჩევა, და თან ყველა იმ საჭირბოროტო თემასაც გადასწვდება, რაც ყველამ ვიცით და რაზეც ყველა თვალს ვხუჭავთ: ოჯახში ძალადობა, ჩაკირული წარმოდგენები ქალისა და კაცის როლებზე, ქალის მოვალეობებზე, ქალის ადგილზე ოჯახში, სოციუმში.

ეთერის, ამ რომანის მთავარი პერსონაჟის და მისი მომთხრობლის, ძველი ფიქრების და ძველი ცხოვრების შესახებ, მას შემდეგ ვიგებთ, რაც ერთ მშვენიერ დღეს, მაყვლის საკრეფად წასული, უფსკრულზე გამოეკიდება და სიკვდილს თვალებში ჩახედავს. ქალს, რომელიც მშვიდი და უზრუნველი სიბერისთვის ემზადებოდა, ეს შემთხვევა თითქოს ხელს ჰკრავს, უბიძგებს, ხანგრძლივი ძილიდან გამოიყვანს და ცხოვრებას თავიდან დააწყებინებს. და მის თავს ის ხდება, რაზეც არასოდეს უოცნებია, რაც არასოდეს დაუშვია — მის ცხოვრებაში კაცი ჩნდება. არა მოძალადე ძმა, არა დაბეჩავებული მამა, არამედ მზრუნველი და მოსიყვარულე საყვარელი. თითქოს თავიდან დაიბადა, წლების განმავლობაში ნაგროვები კითხვები, პასუხები, დარდები, შიშები გონებაში ქარბორბალასავით დაუტრიალდა.

რომანი, ერთ მთლიანობად შეკრული, მისი ცხოვრების და სულიერი მდგომარეობის, ან უფრო – შინაგანი გამოცდილების სხვადასხვა საფეხურისაგან შედგება. და რომელიღაც საფეხურზე, დგება მომენტი, როცა თხრობის ენა, რიტმი, დინამიკა იცვლება და რომანი პოეტურ პროზად იკითხება, თხრობას მელოდია უჩნდება, ეთეროს გულისცემასავით ჩქარდება, ვიდრე კულმინაციას არ მიაღწევს".

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ენაზე, წერის სტილზე იმდენი აღინიშნა, შეიძლება, იფიქრო, ეს წიგნი მხოლოდ ფორმაა და მეტი არაფერიო. არამც და არამც, ამ რომანში უმნიშვნელოვანესია თვითონ ის სათქმელიც, რაც ავტორს აქვს და ის გმირი, ვინც ამ სიტყვებს ამოთქვამს. ჩვენს საზოგადოებაში ქალის თავისუფლება რომ შეზღუდულია და მისი სხეული ლამის ეროვნულ დონეზე კონტროლირდება, ყველასთვის ნათელია, ვისაც ამის დანახვა უნდა. თუმცა არიან კიდევ ისეთი ქალები, რომლებიც სხვების მიერ დაწესებულ ყალიბში ვერ ჯდებიან, ცხოვრების სულ სხვა გზას მიჰყვებიან და ამის გამო სულ სხვანაირ მარგინალებად იქცევიან.

ასეთი ქალია ეთეროც, რომელსაც ბრალად მხოლოდ ის მიუძღვის, რომ 48 წლის ისე გახდა, ოჯახის შექმნა ერთხელაც კი არ მოსვლია თავში აზრად, ეს კი პირად რევოლუციას უდრის მაშინ, როცა სულ მცირე ასაკიდან ჩაგჩიჩინებენ, რომ ქალის მთავარი მიზანი გათხოვება, შვილების გაჩენა და ქმრის მოვლაა. ან რატომ უნდა მონდომებოდა ეს ყველაფერი, როცა ეთერო საკუთარი თვალით ხედავს, რა დღეში ჩააგდო ამ როლის მორგებამ მისი თანატოლი ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი თუ ხალისით სავსე გოგოები: მათ თვალებში არა მხოლოდ სიცოცხლის ნაპერწკალი ჩაქრა, არამედ მათი სხეულებიც მოირყა, მწყობრიდან გამოვიდა. ისინი ჭურჭლებად, ხელსაწყოებად გამოიყენეს.

მიუხედავად იმისა, რომ ლამის ყოველი ფეხის ნაბიჯზე ამუნათებენ, საყვედურობენ და აქილიკებენ, ეთერომ როგორღაც მაინც აირიდა იმ ქალად გახდომის ბედისწერა, რომლის გამოძერწვასაც დაბადებიდან ყველა გოგოსგან ცდილობენ. თუმცა ამის მისაღწევად მას თავისი სახლი, პირადი კუთხე და მცირე ქონება დაეხმარა, რაც ვირჯინია ვულფის უკვდავ ესეს საკუთარი ოთახი სათქმელს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს: რა ბედი ეწევათ იმ ქალებს, ვისაც თუნდაც იგივე სურთ, მაგრამ ქონება არ გააჩნიათ? გოგო შვილები ხომ ხშირად ანდერძშიც არ ხვდებიან — მემკვიდრეობა დღემდე კაციდან კაცზე გადადის, ქალისთვის კი მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი რჩება: ქმრის ოჯახის ნაწილად ქცევა.

თუ რამდენად ძლიერი, მნიშვნელოვანი და ყურადსაღები პერსონაჟია ეთერო ქართული ლიტერატურისთვის, ამაზე ია ვეკუა საუბრობს:

"ეთეროს მსგავსად, ეს ყველას გაგვიკეთებია: ქალური ადგილების ექიმი გაგვიკითხავს და უკვე არსებული თუ მოსალოდნელი უბედურება "ახლობლისთვის" აგვიკიდებია. ხელი უკან გაგვიწევია, როდესაც თვალის კუთხით აფთიაქში შემოსული მეზობელი დაგვილანდავს – პრეზერვატივს ვინ ჩივის, სრულიად უწყინარი პაკეტების ყიდვისასაც. ყველა ჩვენგანისთვის გამოუანგარიშებიათ გათხოვების უკანასკნელი ვადა და "შვილი მაინც გაგეჩინათი" დაუსრულებიათ. ესეც, უკეთეს შემთხვევაში. უარესი "არა უშავს, რაღაცა იქნებაა". თუმცა, ამაზე უარესებიც არსებობს.

ეთერო ყველა ის ქალია, ვინც არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი, არ უფიქრია ბედნიერებაზე და, იქნებ, ბედნიერების განცდის საჭიროებაც არ ჰქონია განვითარებული. ის პატრიარქალური გარემოსა და აბსურდული ტრადიციების იმდენად კლასიკური პროდუქტია, რომ კითხვისას შეიძლება გაგაღიზიანოს კიდეც. მაგრამ.

ამ ამბავში ყველაზე კარგი ისაა, რაც ამ "მაგრამს" მოჰყვება:

ეთერო არის მაგარი ქალი, იმიტომ, რომ სახალხოდ საკუთარ თავს შინაბერა პატიოსან ბებრად მოიხსენიებს, ჩუმად კი საყვარელი ჰყავს! მაგარი ქალია, რადგან მეტი საქმე არ აქვს, გათხოვდეს და სიბერეშიც სხვების ტურტლიანი წინდები რეცხოს! ეთეროს სახლიც აქვს, კარიც, საკუთარი ბიზნესიც და დასამარხი ფულიც თავზესაყრელად აქვს შეგროვებული, რადგან არავის სახვეწარი არ უნდა ჰქონდეს არც სიცოცხლეში და არც სიკვდილის მერე.

მერე რა, რომ ზოგჯერ სულ მარტოა, რომ გვერდით არავინ ჰყავს სანდო და დასაყრდენი, მაგრამ (ეს სწორედ, ის მაგრამ არის) ჩვენი ანგელოზი ხომ ყველას გვყავს, ზოგჯერ ისეთიც, ვერასდროს რომ ვერ წარმოვიდგენდით. და ეს სულ უნდა გვახსოვდეს!"

ეთეროს რომ ვუსმენდი, რატომღაც სულ ქართული კოლექტიური მამიდა მახსენდებოდა, თავად ოჯახი რომ არ შეუქმნია და ძმის ოჯახში ცხოვრობს. მერე რა, რომ ის სახლი, სადაც ცხოვრობს, როგორც წესი, მათი საერთო მშობლებისაა ხოლმე, ის მაინც ყოველთვის ზედმეტ, ცალად დარჩენილ წევრად მოიაზრება. რამდენია ასეთი ჩვენ ირგვლივ? კარგი ექიმები ან წარმატებული მასწავლებლები რომ არიან, მაგრამ მაინც ვერ შედგა მათი პიროვნება საზოგადოებისთვის, რადგან ქმარი არ ჰყავთ, შვილები არ გაუჩენიათ.

მაგრამ ვინ თქვა, რომ ეთერო ამის გარეშეც ბედნიერი არ არის? შეიძლება, ცოტა გვიან, მაგრამ მან მაინც იპოვა სიყვარული და თანაც ისეთი ვნებიანი, ბევრ ახალგაზრდასაც რომ შეშურდება. კი, თამთა მელაშვილი ისე აღწერს იმ ადამიანების სექსის სცენას, ყოველდღიურ ცხოვრებაში ბებრებს, კლიმაქსიანებს და ჩამოწერილებს რომ ვეძახით, კითხვისას სუნთქვა აგიჩქარდება.

ფოტო: ჰიუ ჩარლზ ანდერსონი

ცალკე ამბავია, რამხელა გამბედაობა სჭირდება საკუთარი სხეულით, სიყვარულით ტკბობას: ეთეროს ამბავი რომ ვინმემ გაიგოს, გარიყავენ, მოიძულებენ, უკადრისი შინაბერას საპატიო სტატუსსაც წაართმევენ და თვალსაც აღარ გაუსწორებენ. აი, კაცის შემთხვევაში, თუნდაც ოჯახიანი კაცის, ერთს უსაყვედურებენ, რამ აგტეხაო და მერე მხოლოდ ძმაბიჭებში სახუმარო თემად აქცევენ.

სწორედ ამიტომ უნდა წაიკითხოს რაც შეიძლება ბევრმა ეთეროს ამბავი, რათა კიდევ ერთხელ გავიაზროთ, რა პატარ-პატარა, თუმცა უმძიმესი ბრძოლების გადატანა უწევთ ქალებს ყოველდღიურობაში. თუმცა, ისიც საქმეა, რომ მოულოდნელად თავსდამტყდარი სიყვარულის გარეშეც ეთეროს ცხოვრებას ბევრი არაფერი დაეწუნებოდა: ნაპოლეონის ერთი ნაჭერი და ზედ მიყოლებული რძიანი ყავა ისე აბედნიერებს მას, ვიღაცების კარიერული მიღწევები, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი სუვენირები თუ ბოჰემური ცხოვრების თავგადასავლები სასაცილოდ მოგეჩვენება.

ეთერომ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ხანდახან გახუხულ პურზე გადასმული მაყვლის მურაბაც კი საუკეთესოდ გადაგატანინებს ყველაზე ნაცრისფერი, წუნწკლიანი დღეების სევდას. აწი ეგეთ დროს სულ შენ მომაგონდები, ავყია ქალო.