ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი უკვე საქართველოშია. აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატა საბანაძე და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი შეხვდნენ.

ხვალ დილიდან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სამუშაო შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და სხვადასხვა პარტიის წევრებთან. გარდა ამისა, შარლ მიშელის პატივსაცემად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სახელით მოეწყობა სადილი. ამასთან, იგი საოკუპაციო ხაზთანაც მივა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ფონზე ჩამოდის. 23 თებერვალს, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია დააკავეს, რასაც ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან კრიტიკა და შეშფოთება მოჰყვა.

24 თებერვალს 6-მა ევროპარლამენტარმა მიშელს წერილით მიმართა და საქართველოში ვიზიტამდე, მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებზე რეაგირება მოსთხოვა.

როგორც ერთობლივ წერილშია აღნიშნული, ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებამ სახიფათო დონეს მიაღწია. ისინი მოუწოდებდნენ მიშელს, ვიზიტი გამოიყენოს იმისთვის, რომ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდოს.