საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი ნიშნავს, რომ "ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის". ამის შესახებ მან მიშელთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"დღეს პრეზიდენტის ჩამოსვლა ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის და როგორც არასდროს, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავისი ევროპული და დემოკრატიული გზა გააგრძელოს და არაფერმა ამაში ხელი არ შეუშალოს", — თქვა მან.

ზურაბიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ შეხვედრაზე მათ დეტალურად განიხილეს საქართველოს პოლიტიკური ვითარება და შეთანხმდნენ, რომ ქვეყანას "შერიგება" სჭირდება.

საქართველოს პრეზიდენტის შემდეგ შარლ მიშელი შეხვედრებს გამართავს პრემიერმინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და სხვადასხვა პარტიის წევრებთან. გარდა ამისა, შარლ მიშელის პატივსაცემად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სახელით მოეწყობა სადილი. ამასთან, იგი საოკუპაციო ხაზთანაც მივა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ფონზე ჩამოდის. თითქმის ერთი კვირის წინ, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია დააკავეს, რასაც ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან კრიტიკა და შეშფოთება მოჰყვა.

24 თებერვალს 6-მა ევროპარლამენტარმა მიშელს წერილით მიმართა და საქართველოში ვიზიტამდე, მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებზე რეაგირება მოსთხოვა.

როგორც ერთობლივ წერილშია აღნიშნული, ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებამ სახიფათო დონეს მიაღწია. ისინი მოუწოდებდნენ მიშელს, ვიზიტი გამოიყენოს იმისთვის, რომ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდოს.