საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ 1-ელ მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ, საკვირველია დღევანდელი რეაქციები. კონკრეტულად, კითხვები იმის შესახებ, რატომ არ ესწრებოდა შეხვედრას თავად ზურაბიშვილი, ასევე, პარლამენტის პიკეტირება და ახალი დაკავებები.

"ევროკავშირმა, უმაღლესი პოლიტიკური ფიგურის ქვეყნის კრიზისში და მის განმუხტვაში ჩართვით, გვაჩვენა, რომ ევროპა არა თუ გასულია ამ რეგიონიდან და ამ ქვეყნიდან, არამედ პირიქით, საქართველოს დემოკრატიულობა, სტაბილურობა და განვითარება ისე, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ევროპისათვის.

ამ ფონზე კი, პირდაპირ საკვირველია დღევანდელი რეაქციები, დაწყებული იმით, რომ კითხულობენ — სად იყო პრეზიდენტი, დამთავრებული — პიკეტირებით, თუ ახალი დაკავებებით", — წერს ზურაბიშვილი.

ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მიესალმება ქვეყნის პრემიერმინისტრისა და ოპოზიციონერი ლიდერების კონსტრუქციულ მონაწილეობას, თუმცა, ფიქრობს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ერთობლივი შეხვედრის მნიშვნელობა კარგად გააზრებული არ არის.

"ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო, და რომ ეს დამოკიდებულება ჩვენგან პასუხს, ანუ პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს. ჩვენგან ელიან მეტ თანმიმდევრულობას, მეტ კონსტრუქციულობას, მეტ სახელმწიფოებრივ მიდგომას, ანუ ჭეშმარიტ პატრიოტიზმს", — აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

1-ელ მარტს, პრეზიდენტის რეზიდენციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ოპოზიციონერ ლიდერებთან და ქვეყნის პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი შეხვედრა გამართა. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე იმსჯელეს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღების 6-პუნქტიან გეგმაზე. შეხვედრას არ ესწრებოდა პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციონერმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ დაგეგმილი პიკეტები და აქციები არ გაუქმებულა. დღეს, პარლამენტის პიკეტირებისას პოლიციამ 7 აქტივისტი დააკავა.

მმართველი გუნდის წევრები აცხადებდნენ, რომ შარლ მიშელთან შეხვედრიდან 12 საათში ოპოზიციამ არათანმიმდევრული ნაბიჯი გადადგა და "ჰალსტუხიანი შეხვედრის" პარლამენტთან "რუსეთების ძახილით" მივიდა. მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა. მან თქვა, რომ პარლამენტის პიკეტირება ეწინააღმდეგება ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის სულისკვეთებას. საპასუხოდ, ოპოზიციამ ღარიბაშვილის შეცვლილი რიტორიკა გააკრიტიკა.

დღეს, ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციონერი ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ ისინი ამბობდნენ, რომ ხელისუფლებას მოლაპარაკებების შეწყვეტის საბაბს არ მისცემენ და დიალოგის გასაგრძელებლად, მზად არიან აქციების ფორმის ცვლილებაზეც იმსჯელონ.

გაიგეთ მეტი: