ოპოზიციამ ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკებების დასრულებამდე აქციების ნაწილის ფორმატი შეცვალა, ნაწილი კი გადადო. ამის შესახებ პარტიების შეხვედრის შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. თინა ბოკუჩავამ მიზეზად დაასახელა ის, რომ "ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა არ გამოიყენონ საპროტესტო ღონისძიებები მოლაპარაკებების ჩაშლის საბაბად".

საუბარია ხვალისთვის, 4 მარტისთვის დაგეგმილ მთავრობის კანცელარიის პიკეტირებაზე, რომელიც ფორმას შეიცვლის და ენმ-ის წევრები და მხარდამჭერები რუსთავის ციხემდე საავტომობილო მსვლელობით გაემართებიან. სწორედ იქ იმყოფება პარტიის ლიდერი, ნიკა მელია.

ამასთან, გადაიდო 13 მარტისთვის დაგეგმილი საერთო ოპოზიციური აქცია, რომელიც ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 20 მარტისთვის ჩაინიშნა.

ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ არ გამორიცხა მცირე აქციები სხვადასხვა უწყებასთან, თუმცა ოპოზიცია ხაზს უსვამს, რომ ყველა ეს ღონისძიება იქნება მშვიდობიანი.

"ყველაფერი არ მოიხსნება. მცირე საპროტესტო ღონისძიებების, რომლებიც მათ შორის დაგეგმილი იყო, როგორც სასამართლოსთან, ისევე პოლიციასთან, განვიხილავთ მათ მოდიფიკაციას იმგვარად, როგორც მოხდა ხვალინდელი აქციის. იმისთვის, რომ საშიშროება არ არსებობდეს სამართალდამცავებსა და პროტესტანტებს შორის რაიმე შემხებლობის და უკანონო დაკავებების", — თქვა მან.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერმინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ოპოზიცია და ხელისუფლება შეხვედრაზე მიიწვია, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ განსახილველი საკითხების ჩარჩოზე შეთანხმდნენ, რომელიც ექვსი პუნქტისგან შედგება. ხოლო პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. დიალოგისთვის მათ ორი კვირა აქვთ.

თავის მხრივ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა თქვა, რომ "სწორი მიმართულების მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა". მან, ასევე, დაამატა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების გასაღები პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაშია.