ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, Novavax-თან წინასწარ მიღწეულია შეთანხმება, რომ საქართველომ ვაქცინის მილიონი დოზა მიიღოს. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

"მიმაჩნია, რომ Novavax-ი იქნება საუკეთესო ვაქცინა და ნორმალური ვარიანტი მისი დამზადების ტექნოლოგიიდან გამომდინარე. მასთან მიღწეულია წინასწარი შეთანხმება მილიონი დოზის მოწოდებაზე, დაახლოებით, ივნისის ბოლოსკენ იგეგმება. ამ დროისთვის მიიღებს ეს ვაქცინა საერთაშორისო ორგანიზაციების და მარეგულირებლების აღიარებას. წინასწარი მონაცემებით, ამას არაფერი უდგას წინ, რამეთუ საქართველომ Novavax-სთან ერთ-ერთმა პირველმა განახორციელა კომუნიკაცია", — თქვა მან.

2 მარტს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველო Novavax-თანაც აწარმოებდა მოლაპარაკებებს. საქართველოში Covid-19-ზე ვაქცინა, ჯერჯერობით, არ შემოსულა. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ თებერვლის ბოლოს საქართველო 29 250 დოზა Pfizer-ის ვაქცინას მიიღებდა, რომელიც 14 500-მდე სამედიცინო პერსონალზე იქნებოდა გათვლილი.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობდა, რომ COVAX პლატფორმის ფარგლებში, დაახლოებით, მარტის დასაწყისში AstraZeneca-ს 315 000 დოზა შემოვიდოდა. ხოლო AstraZeneca-სთან პირდაპირი მოლაპარაკებების საფუძველზე, გაბუნიას თქმით, საქართველო 150 ათას დოზა ვაქცინას მიიღებდა.

გაიგეთ მეტი: