გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 12 წლის გოგოზე კაცმა სექსუალურად იძალადა, რის შედეგადაც მოზარდი დაორსულდა და იმშობიარა. როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული თებერვალში დააკავეს.

უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.

On.ge დაუკავშირდა, ასევე, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს. მათი ინფორმაციით, სააგენტოში ინფორმაცია ამ საქმეზე გასულ წელს შევიდა, არასრულწლოვანი და მისი ახლადდაბადებული შვილი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სერვისში არიან ჩართული. საქმეში ჩართულები არიან სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგიც.