პოლიტიკოსებმა და აქტივისტებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად რუსთავის ციხესთან აქცია-მსვლელობა გამართეს.

"თავისუფლება ნიკა მელიას, ეს არის ჩვენი მთავარი სლოგანი, რითაც დღეს ჩამოვედით რუსთავის ციხესთან იმიტომ, რომ ნიკა მელია არის უკანონო პატიმარი, მან დროულად უნდა დატოვოს საპყრობილე და მელიას გათავისუფლება იქნება ჩვენთვის პირველი სიგნალი იმის, რომ ხელისუფლება მზად არის, მივუსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდას", — განაცხადა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ზალიკო უდუმაშვილმა.

23 თებერვალს, სპეცრაზმმა ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავები პარტიის ოფისში გამთენიისას გამოჩნდნენ — რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრად აირჩიეს.

სპეცრაზმი შენობაში შევიდა როგორც სახურავიდან, ისე პირველ სართულზე არსებული შესასვლელებიდან. თავდაპირველად, მათ პირველ სართულზე მყოფი ადამიანები გამოიყვანეს, მოგვიანებით კი, ნიკა მელიას ოთახს მიადგნენ, სადაც ის ოპოზიციის სხვა ლიდერებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდა. მათ ოთახში გამოიყენეს გაზიც. შსს-ს ინფორმაციით, მელიას გარდა, დღეს 21 ადამიანი დააკავეს. მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

მელიას გათავისუფლების გარეშე ოპოზიცია უარს ამბობს მთავრობასთან დიალოგზე და საპროტესტო აქციებს მართავს

ოპოზიციონერი ლიდერის დაკავებას საქართველოს მეგობარ ქვეყნებსა თუ პარტნორ ორგანიზაციებში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. აშშ-ის პოზიცია საქართველოში ქვეყნის საელჩომ გამოხატა და თქვა, რომ ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე უკან დაიხია. შეშფოთება გამოთქვა ამერიკელმა კონგრესმენმა, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერმაც და მომხდარს დარბევა უწოდა. ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით კი, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ყველა მხარემ უნდა აიღოს. მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას განცხადებით კი, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელიას დაპატიმრება დემოკრატიის უკუსვლის აისბერგის მხოლოდ წვერია.

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. აღსანიშნავია, აღკვეთის ღონისძიების შეფარდება არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას — განხილვები ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს და სასამართლოს მაქსიმუმ 9-თვიანი ვადა აქვს, რომ საბოლოო ვერდიქტი გამოიტანოს. გახარიას გადადგომიდან რამდენიმე წუთში კი, შსს-მ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება "დროებით" გადადო.