ბოლო ერთ თვეში, ბავშვებზე სქესობრივი ძალადობის სამი შემთხვევის შესახებ გავიგეთ. და ეს მხოლოდ ის შემთხვევებია, რომლებიც გახმაურდა. ასეთი დანაშაულების სრული უმრავლესობა კი, როგორც წესი, მიჩქმალული და დამალულია.

ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოსა და ლაგოდეხში 30 წლის კაცის მიერ 10 წლის ბავშვის გაუპატიურების საქმეების შემდეგ, დღეს კიდევ ერთი სექსუალური ძალადობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. მსხვერპლი ისევ არასრულწლოვანია. ის გააუპატიურეს, რის შემდეგაც იმშობიარა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალდებული კაცი თებერვალში დააკავა. თუმცა მომხდარის შესახებ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა სააგენტოში ჯერ კიდევ გასულ წელს იყვნენ ინფორმირებულები. ამის შესახებ On.ge-ს სააგენტოში განუცხადეს. შესაბამისად, საქმეზე ინფორმაცია ექნებოდა საგამოძიებო უწყებასაც.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სამართალდამცავი უწყების ირგვლივ კითხვები ჩნდება. კითხვები იყო 14 წლის ნინის შემთხვევაშიც — პოლიციამ მოძალადე მხოლოდ მას შემდეგ დააკავა, რაც ბავშვმა თავი მოიკლა.

რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო ბავშვების უფლებების დასაცავად და რას აკეთებს სინამდვილეში? ამ კითხვებით ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის წარმომადგენელს, ანა აბაშიძეს მივმართეთ. მან ჩვენთან არასრულწლოვანთა, განსაკუთრებით კი, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა.

რას აკეთებს სისტემა ბავშვების დასაცავად

14 წლის ბავშვის საქმეზე ბრალდებულს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლს ედავება, რაც დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს. 12 წლის ბავშვის საქმეზეც გამოძიება იმავე მუხლით მიმდინარეობს. ორივე შემთხვევაში დანაშაული 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ანა აბაშიძეს ვკითხეთ, საქართველოს კანონმდებლობაში მოიძებნება თუ არა უფრო მძიმე მუხლები მაშინ, როცა საქმე არასრულწლოვანთა გაუპატიურებას ეხება.

უფლებადამცველის თქმით, არსებობს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლიც, რომელიც გაუპატიურებას გულისხმობს, თუმცა ამ მუხლით აღნიშნული შემთხვევებიდან უწყებამ საქმე მხოლოდ ერთგან აღძრა. ანა აბაშიძე გვეუბნება, რომ მსგავს საქმეებზე გამოძიებები ძირითადად 140-ე მუხლით მიმდინარეობს, თუ სქესობრივი კავშირის დროს "კლასიკური ძალადობა" არ დადგინდა.

"ამ თვალსაზრისით ჩვენ პრობლემა რა გვაქვს იცით? ჩადენილ ქმედებებს ადეკვატურ სახელს ვერ ვარქმევთ და ხშირად ვამსუბუქებთ ხოლმე დანაშაულებს, მაგალითად, ახლა.

12 წლის ბავშვთან კონტაქტი შეიძლება ვიღაცამ ნებაყოფლობით კონტაქტად მონათლოს ან დანაშაულად, მაგრამ მსუბუქ დანაშაულად, მაშინ, როცა ყველა განვითარებული ქვეყანა შეთანხმდა, რომ გაუპატიურების დეფინიცია არის განსხვავებული, ვიდრე იყო ადრე და შესაბამისად, ასეთი საქმეებიც, დიდი ალბათობით, გაუპატიურების დანაშაულია", — გვეუბნება ის.

ანა აბაშიძის განცხადებით, გაუპატიურების კვალიფიკაციისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს გააზრებული, ფორმირებული თანხმობის არსებობას. იგი გვიხსნის, რომ თუ ეს თანხმობა არ არსებობს, ასეთი სქესობრივი კავშირი გაუპატიურებად მიიჩნევა. უფლებადამცველის თქმით, როცა პატარა ასაკის ბავშვზეა საუბარი, ძალიან მკრთალი ხაზი გადის გაუპატიურებასა და სხვა ტიპის დანაშაულებს შორის.

"მარტო ის, რომ არასრულწლოვანია, უკვე ეჭვს ბადებს და საქმის შემსწავლელმა ორგანომ უნდა ეძებოს ინფორმირებული თანხმობის ნაწილი. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ნება არ იყოს დათრგუნული, ესეც სამართლებრივი ტერმინია. ნების დათრგუნვა ხდება ბევრი გზით და მათ შორის, არასრულწლოვანთან მიმართებაში შეიძლება იყოს მოტყუება, არასწორი ინფორმაციის მიწოდება, იძულება, იმ მომენტისთვის მისი მოწყვლადი მდგომარეობის გამოყენება და ასე შემდეგ. ამიტომ, როდესაც ძალიან პატარა ასაკის ბავშვზეა საუბარი, ძალიან მკრთალი ხაზი გადის გაუპატიურებასა და სხვა ტიპის დანაშაულებს შორის", — განმარტავს ის.

იგი ამბობს, რომ გამომდინარე იქედან, საქართველოში "მარტივად, ერთი კითხვის დასმით" იღებენ საგამოძიებო უწყებები პასუხებს და არ შეისწავლიან საქმეს ყველა დეტალის გათვალისწინებით, ამ საქმეებს გაუპატიურების კვალიფიკაცია არ ენიჭება. ანა აბაშიძე განმარტავს, რომ საგამოძიებო უწყებები სექსუალური ძალადობის საქმეებს "მოძველებული მიდგომით" იძიებენ. უფლებადამცველის აზრით, ეფექტური გამოძიებისთვის საჭიროა როგორც კანონების, ასევე, საგამოძიებო პროცედურული რეგულაციების ძირფესვიანი ცვლილება.

"გამოძიება ეძებს ბიოლოგიურ მასალას იმისთვის, რომ დაადასტუროს, გაუპატიურება მოხდა თუ არა, ან დამოკიდებულია რაღაც კონკრეტული ექსპერტიზის პასუხებზე და ასე შემდეგ. ეს არის უაღრესად მოძველებული მიდგომა, იმიტომ, რომ გაუპატიურება შეიძლება იყოს ჩადენილი ნებისმიერი სქესობრივი კონტაქტის დროს, რომელიც არ არის თანხმობითი და ხდება იძულებით ან უმწეობის გამოყენებით", — ამბობს ის.

მისი განცხადებით, როცა ადამიანი მიდის გამოძიებასთან და ეუბნება, რომ მასზე სექსუალურად იძალადეს, უწყება ძალადობის კვალს, დალურჯებებს ეძებს. უფლებადამცველის თქმით, როგორც წესი, ამას ვერ პოულობენ, იმიტომ, რომ მსგავსი დანაშაულები "ხელების გადაგრეხით არ ხდება" ხოლმე.

"უფრო მეტიც, შეიძლება, მსხვერპლი საერთოდ ვერ უწევდეს წინააღმდეგობას მოძალადეს. ამას ეძახიან გაშეშების ეფექტს, რაც ძალიან დიდი საშიშროებაა, მით უმეტეს, როცა საუბარია ბავშვზე. ამიტომ თუ ვერ იპოვეს ასეთი მტკიცებულება, მიიჩნევენ, რომ დანაშაულისთვის საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს", — აცხადებს იგი.

აბაშიძე მიიჩნევს, რომ მტკიცებულებები, რომელსაც უწყება ეფექტური გამოძიებისთვის უნდა ეყრდნობოდეს, არაერთგვაროვანია და მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვის ჩვენება, სხვა გარემოებების დეტალური შემოწმება და სხვა.

"ეს არის საქმის გამოძიება სრულიად ახლებური მიდგომით, რაც, მარტივად რომ გითხრათ, არ იციან. ამიტომ პასუხი აქ არის ერთი — ძირფესვიანად არის შესაცვლელი სისტემა, მათ შორის, ეს მოითხოვს პროფესიონალების დამატებას გამოძიების პროცესში. ახლა ამ პროცესში არიან პროკურორი, პოლიციელი და ვთქვათ, ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომელი. ეს არ არის საკმარისი, ამ შემადგენლობით ასეთი საქმეების გამოძიება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. იმ ქვეყნებს, რომლებმაც ეს გაიაზრეს, დღეს აქვთ სქესობრივი დანაშაულების გახსნის 97%-იანი მაჩვენებელი და ჩვენ გვაქვს 0,006% გახსნილი საქმეებისა", — ამბობს ის.

რა ხდება მაშინ, როცა დამნაშავე სასჯელს მოიხდის და ციხეს ტოვებს?

გამოძიების ეფექტურად წარმართვის ვალდებულების გარდა, ანა აბაშიძეს ვესაუბრეთ ვალდებულებაზე, რომელიც უწყებას მსხვერპლის მიმართ აკისრია — რა ხდება მაშინ, როცა დამნაშავე სასჯელს იხდის და საპატიმროს ტოვებს?

"ეს არის პოლიტიკურ-სამართლებრივი გადაწყვეტილება. სხვადასხვა მექანიზმი არსებობს. მაგალითად, არის ქვეყნები, სადაც, როცა ადამიანი მოიხდის ასეთ მძიმე სასჯელს, მის შესახებ ცნობილია საჯაროდ, მათ შორის, საცხოვრებელი ადგილი, იმ მიზნით, რომ ადამიანები იყვნენ ფრთხილად, განსაკუთრებით, თუ ჰყავთ შვილები", — გვეუბნება იგი.

მისივე განცხადებით, ჩვენს ქვეყანაში ამ თვალსაზრისით ერთადერთი სიახლე ის არის, რომ თუ ადამიანს მიესჯება სასჯელი ამ კონკრეტული დანაშაულისთვის, მის შესახებ იქმნება რეესტრი, რომელიც არ არის საჯარო და ხელმისაწვდომია მხოლოდ პროფესიონალებისთვის.

"მაგალითად, იმ მიზნით, რომ სკოლაში არ დასაქმდეს, სკოლას შეეძლება, გადაამოწმოს ყველა კონკრეტული კანდიდატი. სხვა რაიმე ტიპის დამცავი მექანიზმი არ არსებობს. უბრალოდ გამოვა ადამიანი, მოიხდის სასჯელს და არ ვიცი, იცხოვრებს ისე, როგორც მანამდე ცხოვრობდა. ამაზეც არ არის დისკუსია დაწყებული — ეს საკმარისია? თუ უნდა გავიზიაროთ სხვა ქვეყნების გამოცდილება, რომ დავიცვათ ბავშვები? მით უფრო, რომ არსებობს უამრავი კვლევა, რაც ადასტურებს ასეთი დანაშაულების განმეორებას", — ამბობს ის.

აბაშიძის თქმით, სახელმწიფო წლების განმავლობაში "აბსოლუტურად არაფერს აკეთებდა იმ ტყუილი მოტივით", რომ თითქოს მსგავსი დანაშაულებები ჩვენს საზოგადოებაში არ ხდებოდა. იგი ამბობს, რომ ამაზე მეტყველებდა სტატისტიკური მონაცემებიც, სადაც დანაშაულის სტატისტიკა ნულს უტოლდებოდა.

"ეს ახსნილი იყო იმით, ყველა ხელისუფლების მხრიდან, რომ თითქოს, ამგვარი დანაშაულები საქართველოში არ ხდება. ეს იყო მთავარი მიზეზი ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფოს უმოქმედობის და ამ თვალსაზრისით სახელმწიფო ნომერ პირველი დამნაშავეა ყველა იმ არასრულწლოვნის მიმართ, რომელმაც განიცადა ამგვარი დანაშაული", — ამბობს ის.

ამ დროს კანონი მეორეხარისხოვანი ხდება, გვეუბნება და მიუთითებს, რომ ამის მიზეზი კანონის აღმსრულებელის უმოქმედობაა.

"პირველი — აღმსრულებელს არ სჯერა ამ კანონების, მეორე — აქვს სტერეოტიპული დამოკიდებულება კონკრეტული დანაშაულების მიმართ და მესამე — მაინცდამაინც არ ადარდებს არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი დანაშაულები. ჩემი აზრით, სამივე იყო წინაპირობა, რის გამოც ჩვენს ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში ადამიანები ბავშვების მიმართ ჩადიოდნენ დანაშაულებს.

კანონიც იყო ადგილზე, არ ყოფილა ისეთი პერიოდი, რომ ვთქვათ, დასჯადი არ იყო ასეთი ქცევა, მაგრამ უპასუხისმგებლო, არაკვალიფიციური და სტერეოტიპულად მოაზროვნე მმართველების გამო, რეალურად ეს ბავშვები რჩებოდნენ სისტემის მიღმა", — ამბობს ის.

მისი შეფასებით, პრობლემები მხოლოდ მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც სამოქალაქო სექტორმა და სახალხო დამცველმა "ხმამაღლა დაიწყო ყვირილი" ამის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გვესმის ბავშვების მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის შესახებ, უფლებადამცველის განცხადებით, ეს კვლავ არ ასახავს რეალობას.

"ის, რომ სტატისტიკური მონაცემებით მაინც მტკიცდება, რამდენად სერიოზული პრობლემა გვაქვს ამ თვალსაზრისით, მოგვარების გზებისკენ პირველ ნაბიჯადაც შეიძლება მივიჩნიოთ. თუმცა, აქ არის მთავარი კითხვა — რა განაპირობებს ასეთი ტიპის დანაშაულების მინიმუმამდე დაყვანას?", — ამბობს აბაშიძე.

პრევენცია

ანა აბაშიძე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების უფლებების დაცვისა და მსგავსი დანაშაულების მინიმუმამდე დაყვანის კუთხით, რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს გამოყოფს და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ შედეგის მისაღწევად პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ კონკრეტულ რგოლს არ ეკისრება და საჭიროა უწყებათაშორისი კოორდინაცია.

"პირველი — რა თქმა უნდა, აუცილებელია ბავშვის ინფორმირება, დავარქვათ ამას პრევენცია. რაც მოიცავს ბავშვების, მშობლების, მათ შორის, პროფესიონალების, პედაგოგებისა და ყველა იმ ადამიანის ინფორმირებულობას, ვისაც შეხება აქვს ბავშვთან. რეალურად, ფორმალური განათლების სისტემაში მათი ინფორმირება აუცილებელია", — გვითხრა მან.

ეს ყველაფერი არის რეპროდუქციული ჯანმრთელობის სწავლების ერთ-ერთი კომპონენტიო, გვეუბნება უფლებადამცველი და აქვე ამატებს, რომ ამ სწავლების პირველი მტერი არის სახელმწიფო, რომელიც ვალდებულია, დაიცვას ბავშვები.

"რამდენიმე წლის წინ, როცა ბავშვის კოდექსი იწერებოდა, ისტორიული შესაძლებლობა გვქონდა, რომ ძალადობის პრევენციისთვის სკოლებში რეპროდუქციული ჯანმრთელობის სწავლება დაწყებულიყო და ქართული ოცნების კონკრეტული დეპუტატების ძალისხმევით, ამგვარი ჩანაწერი გაქრა კანონპროექტიდან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ეს შანსი გავუშვით, მაგრამ ეს მარტო გაშვებული შანსი არ არის, ეს რეალურად არის დაღუპული ბავშვები", — ამბობს ის.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად მან საქმეების ეფექტურად გამოძიება გამოყო, გაიხსენა 14 წლის ბავშვის საქმე და თქვა, რომ ეს იყო შემთხვევა, როცა გამოძიებამ აბსოლუტურად არაფერი გააკეთა სხვა შედეგის მისაღებად.

მესამე და უფლებადამცველის თქმით, თანაბარმნიშვნელოვანია საზოგადოების დამოკიდებულება მსხვერპლების მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება გოგოს ან ქალს.

"სამწუხაროდ, ძალიან სტერეოტიპულ წესებში ვცხოვრობთ და ჩვენი კულტურა გაჯერებულია სქესით განპირობებული დამთრგუნველი ნორმებით, რაც ზუსტად ასეთ შემთხვევებში გამომჟღავნდება. მაგალითად, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ აუტანელი, საზიზღარი დანაშაულია ჩადენილი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რატომ არის ყველა მობილიზებული იმისკენ, რომ ასეთი დანაშაულები მაქსიმალურად მიჩქმალოს? იმიტომ, რომ აქ მუშაობს გენდერული წნეხი და სტერეოტიპები, დისკრიმინაციული ცხოვრება ქალებისთვის", — გვეუბნება ანა აბაშიძე.

ყველა — ოჯახის წევრიდან დაწყებული, ნათესავითა და მეზობლით დამთავრებული, ცდილობს არა "ხმამაღლა ყვირილს", არამედ იმას, რომ მაქსიმალურად არ ილაპარაკოს, რათა მომხდარზე არავინ გაიგოსო, გვიხსნის აბაშიძე.

"გარდა იმისა, რომ ამ დროს მსხვერპლი მიტოვებულია, ეს საუკეთესო ნიადაგს აძლევს დამნაშავესაც და პოტენციურ დამნაშავეებსაც. მათ იციან, რომ დაცულ სივრცეში არიან და ასეთ დროს დანაშაულიც მეტი ალბათობით იქნება ჩადენილი. ამიტომ საზოგადოება, ჩემი თავიდან დაწყებული, ყველას მოვიაზრებ, არის ცალკე აღებული დიდი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში ასეთი დანაშაულების არსებობისა", — ამბობს ის.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 2018-2019 წლებში არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეების მესამედზე გამოძიება შეწყდა, რომლის საფუძველი, მათ შორის, მტკიცებულებების არარსებობა გახდა. უნდა იყენებდეს თუ არა გამოძიება უფრო მკაცრ სტანდარტს, როცა საქმე არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალურ დანაშაულს ეხება? — ეს არის კითხვა, რომელიც ბოლო პერიოდში მსგავსი შემთხვევების გახშირების გამო, საზოგადოებაში ბევრს აწუხებს, თუმცა პასუხი არ ჩანს. ფაქტი კი ერთია — შეწყვეტილი გამოძიებებით, დაგვიანებული რეაგირებით, საზოგადოების მცდელობით მიჩქმალოს, დააბრალოს მსხვერპლს და დაივიწყოს პრობლემა, კვირიდან კვირამდე ახალ მსხვერპლებს ვიღებთ, რომლებსაც სათანადო დახმარებას სახელმწიფოს ვერცერთი რგოლი ვერ უწევს.