ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთ ოთახში ყოფნა და რაიმე მოლაპარაკების წარმოება შეუძლებელი და წარმოუდგენელია.

"ოპოზიციის აზრით და ეს აზრი ხვალ 12 საათზე შევიკრიბებით ლეიბორისტული პარტიის ოფისში და ოფიციალურად გავაჟღერებთ — შეუძლებელი და წარმოუდგენელია ერთ ოთახში ღარიბაშვილთან ერთად ყოფნა და მასთან რაიმე მოლაპარაკების წარმოება, ამავე დროს ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ის პროცესი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით დაიწყო და რომელიც მაგიდაზე 6-პუნქტიან გეგმას გულისხმობდა, ეს 6-პუნქტიანი გეგმა სინამდვილეში გახდა ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების 6-პუნქტიანი გეგმა", — განაცხადა უგულავამ.

TV პირველმა გუშინ გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. სავარაუდოდ, ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.

ამ დროისთვის უცნობია, ავთენტურია თუ არა ჩანაწერები. ქართული ოცნების რამდენიმე ლიდერმა ჯერ კიდევ გადაცემის ანონსის შემდეგ თქვა, რომ ეს არის "ფაბრიკაცია" და "შეკოწიწებული". თავდაპირველად ჩანაწერის გაკეთების თარიღად მათ 2011 წელი დაასახელეს, შემდეგ კი — 2010. ჩანაწერებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიუხედავად იმისა, რომ ისმის სავარაუდო ძალადობისა და მომავალი ძალადობის გეგმების შესახებ. კომენტარები არ გაუკეთებიათ არც პრემიერმინისტრ ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს.